უნგრეთი მუშაობს იმაზე, თუ როგორ აუაროს გვერდი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ავუაროთ გვერდი ამ სანქციას“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრული ნავთობისა და გაზის კომპანია MOL-ის წარმომადგენლებს აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ესაუბრა.
Reuters-ი წერს, რომ MOL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უნგრეთსა და სლოვაკეთში, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 14.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებაა, „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით ტრანსპორტირებულ რუსულ ნედლეულზე არიან დამოკიდებულები.
MOL-ის შვილობილმა კომპანიამ სლოვაკეთში, Slovnaft-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მის ოპერაციებზე აშშ-ის სანქციების შესაძლო გავლენას აანალიზებს.




