ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ ჯვრის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი გაურკვეველი შედეგით დასრულდა. გამარჯვებული კომპანია, რომელიც რეაბილიტაციის განხორციელებას გეგმავდა, ფინანსური ხარვეზის გამო დისკვალიფიცირდა, რის შედეგადაც ტენდერი, ფაქტობრივად, ჩაიშალა.
არსებული ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია წარსულში მხოლოდ სკვერებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე მუშაობდა. სწორედ ის უნდა ჩართულიყო მეექვსე საუკუნის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებში.
აღსანიშნავია, რომ კედლის მხატვრობის გარდა, დაზიანებულია ტაძრის სარკმელებიც. ასევე ცნობილია, რომ ტაძარში რანდენიმე წლის წინ წყალიც ჟონავდა და კედლების ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა. უკვე სამი წელია ტაძრის შიგნით ხის კონსტრუქცები, ე.წ. ხარაჩოებია გაკეთებული.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ კომპანია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის გამოცდილება არ აქვს, ჯვრის მონასტრის აღდგენას ვერ შეძლებს. კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ბესიკ დონაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა, ეს კრიტერიუმი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სატენდერო პირობებში ჩაწეროს.
“სამწუხაროა ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს ისეთ ტენდერს, რომელ ტენდერსაც აქვს ხარვეზები და ეს ხარვეზები შეეხება კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მაგალითად, როგორიც არის ჯვრის მონასტერი. ჯვრის მონასტრის ფასადი საკონსერვაციო სამუშაოებზე გამოაცხადეს ისეთი ტენდერი, სადაც არ არის გამოცდილებაში მითითებული, რომ უნდა შეირჩეს ისეთი კომპანია, რომელსაც მსგავსი ერთგვაროვანი სამუშაოები აქვს შესრულებული. მაგალითად, პირველი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი აჩვენა და აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა და ახლა დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ ამ კომპანიას გამოცდილება ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ სკვერების რეაბილიტაციის. კომპანიას რომ ხარჯთაღრიცხვა დაეზუსტებინა, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნებოდა მოცემულობა, რომ ჯვრის მონასტრის ფასადის რეაბილიაცია უნდა ჩაეტარებინა კომპანიას, რომელსაც აქვს მხოლოდ სკვერების რეაბილიტაციის გამოცდილება და შესაბამისად, მივიღებდით ისეთივე სურათს, როგორიც, მაგალითად, მივიღეთ გელათზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეცვალოს სატენდერო პირობები და ტექიკურ მოთხოვნაშ აუცილებლად მიუთითოს, რომ კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს ამ ტენდერში, მას უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის გამოცდილება,” – ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ბესიკ დონაძე.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ და რა პირობებით შეასრულებს ჯვრის მონასტერში სარესტავრაციო და კონსერვაციის სამუშაოებს.
tvpirveli.ge
