ვის შეცვლის მინისტრებიდან პოლიტიკაში მესამედ მოსული ივანიშვილი?

ანი დვალიშვილი
როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულმა პოლიტიკამ საახალწლოდ მიიძინა და ეს იმის მიუხედავად, რომ ზედ ახალი წლის წინ, პოლიტიკაში დაბრუნდა. თანაც, უბრალოდ კი არ დაბრუნდა, ყველას დაანახა, რომ თუ აქამდე კულუარებში იყო პირველი ვიოლინო, ახლა ოფიციალურად გახდა და მის გამო, მმართველმა გუნდმა წესდებაც კი შეცვალა. ახალი წესდებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ მოვლენილი ივანიშვილი, წარადგენს პრემიერს, იქნება მთავარი მრჩეველი ანუ მთელი ძალაუფლება უკვე ოფიციალურად, ამ ერთი კაცის ხელშია. რა თქმა უნდა, ოპოზიცია მის დაბრუნებას სიხარულით შეხვდა, აქაოდა, სამიზნე მანამდეც გვქონდა, ახლა კი ყველა დაინახავს, ვის წინააღმდეგ ვიბრძვითო, მაგრამ, რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ივანიშვილის დაბრუნება და ღიად გამოჩენა, ყველაზე ნაკლებად სწორედ ოპოზიციას უნდა აწყობდეს, რადგან თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მისმა გამოჩენამ და ვიდეო-მიმართვამ გადაწყვიტა არჩევნების ბედი და გრიგოლ ვაშაძეს მოგება ჯიბიდან ამოაცალა. ახლაც, სავარაუდოდ, ამის იმედი აქვს ივანიშვილს, რომ „ოცნების“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი, საარჩევნო ყუთთან სწორედ მისი ხათრით მივა.
ოპოზიცია იმასაც ამბობს, ბიძინა პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილს მოხსნის და პრემიერი ზუსტად ისე დაგვემშვიდობება, როგორც თავის დროზე დაგვემშვიდობაო, მაგრამ ამ ეტაპზე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაზე ცოტა, არჩევნებამდე ღარიბაშვილი თანამდებობაზე აუცილებლად დარჩება. შეცვლით კი, უკვე მარტში, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეიცვლება – გრიგოლ ლილუაშვილს ვადა გასდის და მის ნაცვლად, ვახტანგ გომელაურის დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია. ისიც გვითხრეს, რომ გომელაური სუს-ში ორ მოადგილეს წაიყვანს და შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურში ოთხი მოქმედი მოადგილიდან, ორი შეიცვლება. გომელაური შენგელი ფიცხელაურს და გიგა ნიკოლეიშვილს არ შეეხება. რაც შეეხება გომელაურის პორტფელს, იყო ვარაუდი, რომ მას ანზორ ჩუბინიძე ჩაიბარებდა, მაგრამ ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი მოქმედ თანამდებობაზე დარჩება, ხოლო შს მინისტრის სავარძელში… ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ჩაიბარებს. როგორც მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, ამასთან დაკავშირებით, ივანიშვილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და სასწაული უნდა მოხდეს, შეცვალოს. თანაც, კუპატაძე ჭიათურაშია დაბადებულ-გაზრდილი და როგორც ამბობენ, ივანიშვილების ოჯახთან ახლობლობაც აკავშირებს, რაც ნდობის მხრივ, სერიოზული დივიდენდია.
ოპოზიცია კი ისევ გაუგებრობაშია. რაღაცით, ოპოზიციური პარტიები შემოდგომის აზნაურებს გვანან, არაფერი რომ არ გააჩნდათ და თავი მაინც ამაყად რომ ეჭირა, აქაოდა, გაჭირვება ჩვენთან რა მოსატანიაო. რეალურად კი, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტიის გასაჭირია და ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს. რა ძნელი მისახვედრი უნდა იყოს, დამოუკიდებლად, არჩევნებზე გასული ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ხუთ კი არა, სამ პროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავს და არ გეგონოთ, ეს კარგი ამბავი იყოს ქართული რეალობისთვის – ეს ძალიან ცუდია, რადგან აგერ უკვე მეორე ათეული წელი დაიწყო, ქართულ პოლიტიკაში ორპოლუსიანობა გრძელდება და უდიდესი ალბათობით, ამ არჩევნებზეც, არჩევანის გაკეთება ცუდს და უფრო ცუდს შორის მოგვიწევს. ოპოზიციას ნაკლებად აწუხებს, ჩვენ რის გაკეთება გვიწევს, მათი მთავარი მიზანი პარლამენტში მოხვედრაა, მაგრამ ჯერჯერობით, გაერთიანებაზე განცხადების გაკეთება არავის სურს, რადგან თუ თავად გააცხადებენ პირველები გაერთიანების სურვილს, საარჩევნო სიის სამეულში ორი კაცი პარტნიორი პარტიის იქნება (სამზე მეტის გაყვანაზე ფიქრი, პატარ-პატარა პარტიების გაერთიანების შემთხვევაშიც აბსურდულია). ამ ყველაფრის ფონზე, ნაციონალური მოძრაობა შეეცდება კვლავ ორ ათეულზე მეტი წევრი შეიყვანოს პარლამენტში და… აუთვისებელ მანდატებსაც ისევ „ოცნება“ და „ნაციონალები“ გადაინაწილებენ.
დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ძალიან სურს, მაგრამ ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. ეს იმიტომ, რომ ოპოზიციას ადამიანურ რესურსში უჭირს ძალიან და მარტში (და არა თებერვალში) ჩამოსული გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები, იმას შეეცედებიან, სახელისუფლებო გუნდმა რაც შეიძლება ნაკლებად მოახერხოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ტერმინი – „არჩევნებამდე მოგებული არჩევნები“ გასულ კვირას რამდენჯერმე გაისმა და არ გეგონოთ, ეს ჩვენმა ოპოზიციამ მოიგონა, ევროპელმა და ამერიკელმა ექსპერტებმა თქვეს და ახსნეს კიდეც, რას გულისხმობდნენ – ხელისუფლებამ სოლიდური სოციალური პაკეტები ჩამოარიგა, პენსია გაზარდა, მთავარი კოზირი – კანდიდატის სტატუსი ხელში უჭირავს და რაც მთავარია, ჯიუტად ამტკიცებს, ჩვენ რომ არა, ახლა ქვეყანაში ომი იქნებოდაო. რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ არჩევნებზე მოსახლეობას მოქმედ ხელისუფლებაზე უკეთესი? მთავარი კითხვა, რომელიც სწორედ დასავლელ პარტნიორებს აწუხებთ, ეს არის. ისინი ვერ იტყვიან, პენსიას გავაორმაგებთო, რადგან ეს გაორმაგება ხალხმა უკვე რამდენჯერმე ჭამა და მიხვდა, რომ ასე არ ხდება და ნელ-ნელა მატება უფრო რეალურია. ვერ შესთავაზებენ უკეთეს სოციალურ პაკეტს, რადგან ეს მიმართულებაც მაქსიმალურად „გაწურულია“, აზრს კარგავს ამ ხელისუფლების რუსეთუმეობაზე საუბარი, რადგან სტატუსი მოგვცეს, ანუ დასავლეთს რუსეთუმეობის არ სჯერა. ეტყვიან, რუსეთთან ურთიერთობას გავამკაცრებთო და ბევრს არ მოეწონება, რადგან დღეს ტურიზმი სწორედ ს მოქალაქეებზე დგას. მაშინ ამომრჩევლისთვის რა მნიშვნელობა აქვს, პარლამენტარის გაზრდილ ხელფასს, 2024 წლიდან აიღებს თუ ? რეალურად, ოპოზიცია სათქმელიც არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, მაგრამ… იგივეს ხელისუფლების წარმომადგენლები, დავით კეზერაშვილზეც ამბობენ და ამით ამომრჩევლისთვის რეალურად, არაფერი იცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება – ორი წელი ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს

“ქართული ოცნების” პრესსამსახური- NED-ის, EED-ის და “სოროსის ფონდის” მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ