ვის შეუძლია საპენსიო სქემაში მონაწილეობა, ვისთვის არის სავალდებულო და ნებაყოფლობითი – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

ვის შეუძლია საპენსიო სქემაში მონაწილეობა, ვისთვის არის სავალდებულო და ნებაყოფლობითი სქემაში ჩართვა. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა, იურისტმა და ბიზნესმრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა.
გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, საპენსიო სქემა ეხება ყველა დასაქმებულს საქართველოში, რომელიც მუშაობს და იღებს ყოველთვიურ შემოსავალს. ასევე, ეს ეხება თვითდასაქმებულებსაც და საქართველოში მცხოვრებ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს.
„ნებაყოფლობითზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ ერთი რამ, კანონი ძალაში შემოვიდა 2018 წლის 6 აგვისტოს. მაშინ კანონმა გააკეთა დათქმა, რომ იყო სავალდებულო და ნებაყოფლობითი ჩართვა ამ დაგროვებით საპენსიო სქემაში. მოქალაქეებს მისცა შესაძლებლობა, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, შეუსრულდათ 40 წელი, ან 40 წელს ზემოთ იყვნენ, მათ ჰქონდათ უფლება, რომ ნებაყოფლობით ჩართულიყვნენ დაგროვებით საპენსიო სქემაში და კანონმა ვადა განუსაზღვრა 2019 წლის 31 მაისი. ანუ, ამ პერიოდამდე 40 და 40+ ასაკის დასაქმებულებს, ჰქონდათ უფლება, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, ჩაერთვებოდნენ ნებაყოფლობით სისტემაში, თუ არა.
ახლა, უკვე, ყველა ადამიანი, რომელიც იწყებს მუშაობას და ხდება დასაქმებული, ოფიციალურად ერიცხება ხელფასი და შემდეგ ეს ხელფასი საშემოსავლო გადასახადის სახით იბეგრება, ყველა უნდა ჩაერთოს საპენსიო სისტემაში.“- აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
როგორ ხდება საპენსიო სისტემის დათვლა?
კანონი გვეუბნება შემდეგ რაღაცას, რომ 2% უნდა გადაიხადოს დასაქმებულმა, 2% დამსაქმებელმა და 2%-ს სახელმწიფო იხდის კონტრიბუციის სახით.
მაგალითის დონეზე რომ ავხსნათ: თუ ჩვენ ხელფასი გვაქვს 1000 ლარი, 1000 ლარის 2%-ს (20 ლარი) დამსაქმებელი იხდის, 20 ლარი დასაქმებულს ჩამოეჭრება ხელფასიდან და 20 ლარს სახელმწიფო გადაუხდის. მაგრამ, სახელმწიფო ამას გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის წლიური შემოსავალი არის 24000 ლარზე ნაკლები.
განვიხილოთ მაგალითი, როცა თვიურად ადამიანს 3 000 ლარი აქვს ხელფასი – 60 ლარს დასაქმებული გადაიხდის, 60 ლარს დამსაქმებელი და 60 ლარს სახელმწიფო გადაიხდის იმ ვადამდე, სანამ 24 000 ლარი შეივსება. (ამ შემთხვევაში, ეს დაახლოებით 7-8 თვეა). ამ დროის შემდეგ, სახელმწიფო გადადის 1%-იან დაფინანსებაზე. აღნიშნული მაგალითის შემთხვევაში, 30 ლარს გადაიხდის სახელმწიფო. სხვაობა 24000 ლარიდან ზემოთ, არის 60 000 ლარამდე.
მარტივად რომ ვთქვათ, 24 000 ლარამდე, თითოეულ დასაქმებულზე სახელმწიფო იხდის 2%-ს, 24 000 ლარიდან 60 000 ლარამდე იხდის 1%-ს, ხოლო, 60 000 ლარზე მეტი თუ აქვს დასაქმებულს ხელფასი, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველანაირ დაფინანსებას აუქმებს.
თუ ვარ 40+ ასაკის დასაქმებული, მაქვს თუ არა უფლება, დავაკვირდე სისტემას და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება, დავრჩე თუ არა აღნიშნულ სისტემაში?
ეს შესაძლებლობა დასაქმებულს ჰქონდა მაშინ, როდესაც კანონმა დაიწყო ამოქმედება. შესაძლებელი იყო 2019 წლის მაისამდე, როცა 40 და 40+ ასაკის ადამიანებს ნებაყოფლობით ჰქონდათ გაწევრიანების შესაძლებლობა. ახლა ყველასთვის სავალდებულოა და ყველა უნდა ჩაერთოს საპენსიო სისტემაში.
ვმუშაობ რამდენიმე ადგილას, რომელი სამსახურიდან ჩაირიცხება თანხა საპენსიო დანაზოგში?
აბსოლუტურად ყველა სამსახურიდან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება 2-3, თუ 4 სამსახური, იმდენჯერ ჩაერიცხება საპენსიო გადასახადი, მას საპენსიო დაზოგვით სისტემაში.
რა ხდება თვითდასაქმებულების შემთხვევაში?
თვითდასაქმებულების შემთხვევაში, სისტემა ერთი და იგივეა, 2%+2%+2%, მაგრამ ამ შემთხვევაში, თვითდასაქმებული 4%-ს უხდის საპენსიო სისტემას, 4% და 2%-ს გადაუხდის სახელმწიფო.
კითხვა: საპენსიო ასაკს როცა მივაღწევ, დაგროვებულ პენსიას ერთიანად ჩამირიცხავენ თუ გადაანაწილებენ? როგორია გადანაწილების ფორმულა?
საპენსიო ასაკი ქალბატონების შემთხვევაში, დგება 60 წლის და კაცების შემთხვევაში 65 წლის ასაკიდან.
კანონი აქაც გვთავაზობს გარკვეულ ფორმულას – როდის შეგვიძლია თანხა ავიღოთ ერთიანად? და თუ შეგვიძლია თანხა ავიღოთ საპენსიო ასაკის მიღწევამდე?
კანონი ორ შემთხვევას გვთავაზობს. პირველი, პირი როდესაც არის დასაქმებული და გარკვეული შემთხვევის შემდეგ ის გახდა შშმ პირი, ამ შემთხვევაში ის გამოდის დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან, წერს განცხადებას და მას აქვს უფლება, რომ ერთიანად მიიღოს დაგროვებული პენსია და მეორე შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაწერს განცხადებას, რომ ის სამუდამოდ ტოვებს საქართველოს და მიდის საქართველოდან. ამ შემთხვევაშიც, მას აქვს უფლება ერთიანად აიღოს დანაზოგი საპენსიო სისტემიდან, იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის მიღწეული საპენსიო ასაკს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ მიაღწია საპენსიო ასაკს? როგორ ხდება გადანაწილება?
სამწუხაროდ, ერთიანად მოთხოვნის უფლება, თანხა რომ ჩაგვერიცხოს, არ გვაქვს. აქაც არის გარკვეული ფორმულა. სტატისტიკის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს ყოველწლიურად. ბოლო მონაცემებით, ესაა 74 წელი. მაგ: პირი (მამაკაცი) გახდა 65 წლის, ჩაერთო საპენსიო სისტემაში. სისტემა ითვლის შემდეგნაირად:
65-სა და 74 წელს შორის სხვაობა ხომაა 9 წელი. პირობითად, ჩვენი დაგროვებული საპენსიო დანაზოგი 100 000 ლარია. ამ შემთხვევაში, 9 წელი გადაჰყავთ თვეებში, ამ თანხას ყოფენ თვეების რაოდენობაზე და რა თანხაც გამოდის, მაგას ყოველთვიურად ურიცხავენ.

ასევე დაგაინტერესებთ