„ვის რა ჯანდაბად ენდომება ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება, სადაც სულ რისკებია და პრობლემებია“ – თამაზ მჭედლიძე

სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლი“-ს დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ,,კომერსანტთან” საუბარში არ გამორიცხავს, რომ არასტაბილური ვითარების გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა ბიზნესმენებმა დატოვონ.
,,საქართველოში მოქმედი ბიზნესმენებისთვის ეს ნიშნავს, იმას რომ ქვეყანაში პრობლემებია და თან უსერიოზულესი. შესაძლებელია ბიზნესმენების ნაწილმა აქ შეწყვიტოს საქმიანობა და საქმის სხვაგან გადატანაზე იფიქროს. თუ დაინახეს, რომ არასტაბილურობა გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ბევრი იფიქრებს, რით შეცვალონ საარსებო წყარო. იმათ გარდა ვისაც უკვე ჩადებული აქვს ფული და ისეთი რაღაც აქვს, რომ ვერ წაიღებს, ვერ მოკიდებს შენობას ხელს და ვერ წაიღებს ეგ ერთია, მაგრამ ვისაც შესაძლებლობა ექნება, თუნდაც ფინანსების გატანის, ისინი ეცდებიან უფრო კარგი ადგილი იპოვონ. ძალიან, ძალიან ცუდი სიტუაციაა. როგორ დაწყნარდება სიტუაცია? წარმოიდგინეთ, ასეთი ვითარებაა. სადაც არ არის თანხმობა, იქ სიტუაცია ვერ დაწყნარდება.”- აცხადებს თამაზ მჭედილძე.
,,კომერსანტმა” ბიზნესმენს -ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შეფასება სთხოვა, სადაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზეა საუბარი. თამაზ მჭედლიძე აცხადებს, რომ ეს პირველ რიგში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას დააზიანებს, რადგან ინვესტორები თანხას არ ჩადებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც რისკებს ხედავენ.
,,ეკონომიკა და ბიზნესი ისეთი ფაქიზი რამეა, რომ ნებისმიერი რამ, რაც ნეგატიურია ქვეყნის მიმართ, უარყოფითად იმოქმედებს 100%-იანი. როგორც მინიმუმ ინვესტიციები აღარ შემოვა. ვის რა ჯანდაბად ენდომება ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება, სადაც სულ რისკებია და პრობლემებია. სადაც ასეთი სიტუაციაა, სადაც არ არის თანხმობა და ერთი ამბობს, რომ გამარჯვებული ვარო და ყველა დანებდითო. ასე ვერ იმუშავებს ეკონომიკა. წარმოიდგინეთ, სადღაც, უცხოეთში გინდათ სახლის ყიდვა ან საცხოვრებლად გადასვლა. გადახვალთ იქ, სადაც პრობლემები და რისკებია სულ? სადაც ბანდიტობაა, სადაც რისკებია ჯანმრთელობისა და თქვენი ცხოვრებისთვის? არ წახვალთ. ინვესტორებიც არ მიდიან იქ, სადაც რისკებია.”- აცხადებს თამაზ მჭედლიძე.