ვის ეკუთვნის ყადაღადადებული სასტუმრო „ვეტცელი“ და რატომ არის მიტოვებული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღმაშენებლის გამზირზე

თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე, ოდესღაც ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო „ვეტცელი“ წლების განმავლობაში სამშენებლო ღობით არის შემოსაზღვრული.
„ვეტცელის“ შენობა, მე-19 საუკუნის ბოლოს, გერმანელი კოლონისტის შთამომავალმა, მდიდარმა მეწარმემ, ფრიდრიხ ვეტცელმა ააშენა. ვეტცელის გარდაცვალების შემდეგ შენობა მეწარმე ნოე სიხარულიძემ შეიძინა და სასტუმროს თავისი სახელი „ნოე“ დაარქვა. 1928 წელს სასტუმროს „ევროპა”“, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ „რუსთავი“ ეწოდა. 1970-იანი წლებიდან შენობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას ეკავა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სასტუმრო „ვეტცელის“ ფასადის რესტავრაცია, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2011 წელს მოხდა, თუმცა როგორც მაშინ ითქვა, ეს შენობის შენარჩუნებისთვის საკმარისი არ იყო. ამავე წელს კომპანია Wetzel Plaza-მ ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისაგან“ საბაზრო ფასად, 832000 დოლარად შეიძინა აღმაშენებლის გამზ. 103-ში მდებარე 523 კვ.მ. უძრავი ქონება და დადო პირობა, რომ მის რეაბილიტაცია-მშენებლობას განახორციელებდა და სასტუმროს ძველ დიდებას დაუბრუნებდა.
2020 წელს ქონების მფლობელმა კომპანიამ, სასტუმროს რეაბილიტაციის ნებართვა მიიღო და არქიტექტურის სამსახურთან ესკიზიც შეათანხმა, შპს Wetzel Plaza ძველი და თანამედროვე ელემენტების სინთეზით, ახალი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა. თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დღეს ყადაღა ადევს, წლების წინ მიღებული განჩინების საფუძველზე კი კომპანიას მისი გაყიდვის უფლება არ აქვს.
შპს Wetzel Plaza-ის დირექტორი ინა რაზმაძეა, 100%-იანია წილის მფლობელი კი სს „რეალ ინვესტი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე („რიჟა“), „ჯორჯიან მანგანეზის“ ყოფილი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და მაია კოკაიაა.
აღსანიშნავია, რომ სს „რეალ ინვესტის“ საკუთრებაშია კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზ. N150-ში მდებარეობს, მას რეაბილიტაცია-რესტავრაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა.

ასევე დაგაინტერესებთ