იურისტ ზვიად კორძაძის განცხადებით, საქართველოში არსებული არასტაბილურობა უკვე აისახება ეკონომიკასა და ინვესტიციებზე და არაერთი საინვესტიციო პროექტი გადადებული და გაჩერებულია.
როგორც „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველმა პარტნიორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების წევრების ნაწილი დასანქცირებულია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, ბიზნესი ფრთხილობს და ახალი ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებს.
მისი თქმით, თუკი არსებული ვითარება გაგრძელდება და დასავლეთისგან სანქციები გაღრმავდება, ამას ქვეყნის ეკონომიკაზე კიდევ უფრო ნეგატიური ეფექტი ექნება.
„ბევრი რამე გადაუტანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, მათ შორის ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, კრიზისები, თუმცა ამ ქვეყანას არასდროს არ ჰყოლია დასანქცირებული მთავრობა, გადაწყვეტილების მიმღები პირები. როგორ აისახება ეს უშუალოდ ეკონომიკაზე. ამის გამოცდილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში არ გვაქვს. გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არცთუ სახარბიელოდ განვითარდა მოვლენები, ასეთი სანქციების სრულად ამოქმედების შემთხვევაში. ასეთ მოცემულობაში ბიზნესი, რა თქმა უნდა, ფრთხილია. მით უმეტეს თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ მოცემულობაში ვინმემ ინვესტიციები ჩადოს და შორს მიმავალი გეგმები ჰქონდეს საქართველოში, ეს წარმოუდგენელია. არათუ ვინც ჯერჯერობით არაა ქვეყანაში წარმოდგენილი, იმან იფიქროს ახლა საქართველოში ფულის ჩადებაზე, არამედ ვინც უკვე საქართველოშია, მათი სიფრთხილეც მომატებულია. თუ ეს ზეწოლა, სანქციები გაიზარდა, ეს მდგომარეობა კიდევ დამძიმდება.
მე ვისთანაც მაქვს შეხება და ჩემს კოლეგებთან ვისთანაც მაქვს საუბარი, ყველას კლიენტმა ან პოტენციურმა კლიენტმა გადადო ან გააჩერა საინვესტიციო პროექტები. ეს ბუნებრივია. ფიზიკური პირები და ჩვეულებრივი ადამიანები ვიქცევით ასეთ დროს, რომ აქტივობას ვაჩერებთ, ბინები შეიძლება აღარ გაიყიდოს და ა.შ. როცა არ იცი, რა კრიზისი შეიძლება იყოს 1-2 თვეში. ინვესტორს მოვთხოვოთ, რომ დაივიწყე ეს ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, მმართველი პარტია რა განცხადებებსაც აკეთებს, სანქციებს ნუ მიაქცევ ყურადღებას და სადმე ფული ჩადე, ეს გულუბრყვილობა იქნება, რომ ვინმემ ასე გარისკოს“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.