“ვისაც კი იოტისოდენა წვლილი მიუძღვის მკვლელობაში, ყველა მივიდეს საკუთარი ფეხით პოლიციაში!”

მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის საქმე ჯგუფურად, წინასწარი განზრახვით ჩადენილ მკვლელობას წარმოადგენს და მომხდარის დაფარვის მცდელობები ყველა ეტაპზე იკვეთება.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვისაც თუნდაც ირიბად მიუძღვის წვლილი როგორც დანაშაულში, ისე მის მიჩქმალვაში და საზოგადოებრივ გულგრილობაში.

ამ ფონზე, ოჯახი 22 დეკემბერს, მთავარი პროკურატურის წინ აქციას გეგმავს და მოქალაქეებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

ეს საქმე არის ჯგუფურად, კარგად ორგანიზებული, განზრახ ჩადენილი მკვლელობა. გიგა ავალიანის მკვლელობას არავის დავანაწევრებინებ. ვისაც კი იოტისოდენა წვლილი მიუძღვის გიგა ავალიანის მკვლელობაში, ყველა მივიდეს საკუთარი ფეხით პოლიციაში. არ დავტოვებ არავის. მე გასწავლით წერა-კითხვას. გუშინ, რა? სტრიქონებს შორის ამოიკითხეთ? ხომ აღარაფერი გაშიფრულა ეს ბოლო ორი დღე? ახლა სტრიქონებს შორის ამოიკითხეთ, აქცია რომ დავაანონსე? მე გასწავლით წერა-კითხვას, მე გასწავლით, როგორ უნდა საქმის ხელის მოკიდება. ყველას აგაოხრებთ, ვისაც კი იოტისოდენა წვლილი მიგიძღვით გიგას მკვლელობაში, დაფარვაში, ჩაფარცხვაში, გულგრილობაში! არ დავტოვებ არავის! ყველა ეტაპზე დაიწყეს საქმის ჩაფარცხვა, ყველგან: ექიმებთან, თემქელ ბიჭებთან და თავს ვეღარ აბამენ ახლა. ხვალ, 22 დეკემბერს, ორშაბათს, მთავარი პროკურატურის წინ, ოთხ საათზე ვგეგმავთ აქციას. მე ვთხოვ მთელ საქართველოს, მოდით, დამიდექით გვერდით!, – ამბობს ეკა კუპატაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკაავეს.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.