ამერიკელი კანონმდებლები კონგრესში დონალდ ტრამპის ერისადმი მიმართვისთვის ემზადებიან. ტრადიციულად, როგორც პრეზიდენტის ოჯახი, ისე – ორივე პარტიის ლიდერები მიმართვისას საკუთარ სტუმრებს ეპატიჟებიან. ეს ხშირად მათი პოლიტიკის, ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულების თუ საზოგადოების ყურადღების ამ თემისადმი მიპყრობისთვის ხდება.
სიტყვით მიმართვა ვაშინგტონის დროით სამშაბათს საღამოს, 9 საათზე გაიმართება და ის სატელევიზიო ეთერით გადაიცემა.
დემოკრატების მიერ სტუმრების შერჩევა მიუთითებს პრეზიდენტის ძალისხმევაზე, მკვეთრად შეამციროს ფედერალურ მთავრობაში დასაქმებულთა რაოდენობა, რესპუბლიკელები კი ცდილობენ ისეთ საკითხებს გაუსვან ხაზი, როგორიც იმიგრაციაა.
ათობით დემოკრატმა წარმომადგენელთა პალატიდან და სენატიდან განაცხადა, რომ მათ ყოფილი ფედერალური თანამშრომლები, საჯარო მოხელეები მოიწვიეს იმის საჩვენებლად, რომ ელონ მასკის მიერ მართული “მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი” მასობრივად ათავისუფლებს მათ სამსახურიდან. დემოკრატების მიერ მოწვეულთა შორის იქნებიან ეროვნული პარკის ყოფილი რეინჯერი, გადასახადების ამკრები და ეროვნული მეცნიერების ფონდის მკვლევარი.
პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე პოზიციის ხაზგასასმელად იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ილივია ჰაიესი მოიწვია. ის ლუიზიანის მკვიდრია. ჯონსონის აპარატში ამბობენ, რომ მისი მეუღლე ამერიკაში უკანონოდ მცხოვრებმა, ნასვამმა მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევისას მოკლა.
პირველი ლედის, მელანია ტრამპის სტუმრები იქნებიან ლეიკენ რილის ოჯახის წევრები. ის ჯორჯიელი სტუდენტი იყო, რომელიც ასევე ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებმა იმიგრანტმა მოკლა. რილის სახელობისაა ამ წელს რესპუბლიკელთა ლიდერობით მიღებული პირველი მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც სამართალდამცავებს ავალდებულებს დააკავონ მიგრანტები, რომლებიც ძარცვასა და ძალადობრივ დანაშაულებში არიან ბრალდებულნი. ამ კანონს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.
დემოკრატების სტუმრებს შორის ასევე იქნებიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტის ძალისხმევას ამა თუ იმ სამთავრობო პროგრამის გაუქმების შესახებ – იქნება ეს სამედიცინო კვლევა, ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის ან კვლევის საკითხი, თუ დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის სოციალური უზრუნველყოფისა და სახელმწიფო დაზღვევის გაუქმება.
დემოკრატი სენატორი ნევადიდან ჯეკი როზენი ამბობს, რომ ის ლას-ვეგასელ თინეიჯერს და დედამისს იწვევს, რომლებიც დაბალშემოსავლიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკელებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაზღვევაზე არიან დამოკიდებულნი. სწორედ ეს პროგრამა ფარავს ამ თინეიჯერის სხვადასხვა გენეტიკური პრობლემის სამკურნალოდ ყოველწლიურ, თითქმის 200 000 დოლარის ღირებულების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობას.
რესპუბლიკელთა სტუმრებს შორის იქნება კონსერვატორი აქტივისტი და ყოფილი მოცურავე რილი გეინესიც, რომელიც ტრანსგენდერი ქალების მიერ ქალების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას ეწინააღმდეგება. პრეზიდენტმა ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალებთან ასპარეზობას უკრძალავს და თქვა, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა.
თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპების ოჯახის სტუმარი იქნება ასევე ჩრდილოეთ კაროლინელი ყოფილი ათლეტი მოსწავლე, რომელიც სათამაშო მოედანზე ტრანსგენდერი ქალის გამო დაშავდა. ასევე ფლორიდელი დედა, რომელმაც სკოლის სისტემას უჩივლა, რადგან მისი თქმით, სკოლამ ბავშვის სხვა სქესისკენ “სოციალურ გარდაქმნას” შეუწყო ხელი მშობლის თანხმობისა და ინფორმირების გარეშე.
ყურადღების ცენტრში იქნება ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტიც. სენატის დემოკრატი ლიდერი ჩაკ შუმერი და პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი ამბობენ, რომ მათი სტუმრები ისრაელის მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც დაჯგუფება “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმისას დაზარალდნენ. ჯონსონის ოფისში ამბობენ, რომ სტუმართა შორის იქნება “ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევალი – ნოა არგამანი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ისრაელის ძალებმა გასული წლის ივნისში გაათავისუფლეს. შუმერის სტუმრები კი ორი მოკლული ისრაელელის მშობლები იქნებიან.
მელანია ტრამპმა მიმართვაზე დასასწრებად ასევე მიიწვია კორი კომპერატორის ოჯახიც. მამაკაცის, რომელიც პენსილვანიაში დონალდ ტრამპზე თავდასხმისას მოკლეს, როცა ივლისში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა პრეზიდენტობის კანდიდატის მოკვლა სცადა.
