ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:
მთავრობა რისკების დასაზღვევად განკუთვნილ ჩვენს ფულს ჭამს.
ბევრს ალბათ არც გაუგია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. რომელიმე ბანკი რომ გაკოტრდეს, ჩვენი ანაბრების რაღაც ნაწილს ბანკი დაგვიბრუნებს უკან. ამისთვის ვიხდით (კომერციული ბანკების მეშვეობით) დეპოზიტებიდან გარკვეულ პროცენტს სპეციალურ ფონდში. დღეისათვის ამ ფონდში აკუმულირებულია 285 მილიონი ლარი, საიდანაც 275 მილიონი ლარი გასესხებულია მთავრობაზე და დახარჯულია საბიუჯეტო საჭიროებისათვის.
საპენსიო ფონდის შესახებ ყველამ ვიცით. იგი მომავალში ჩვენი მოქალაქეების პენსიით უზრუნველყოფას უნდა მოემსახუროს. ამ ფონდში უკვე აკუმულირებულია 6,7 მილიარდი ლარი. აქედან ერთ მილიარდ ლარზე მეტი ასევე გასესხებულია მთავრობაზე, ანუ ბიუჯეტმა მოიხმარა.
რა არის ამაში კარგი და ცუდი? კარგი ისაა, რომ მაღალპროცენტიან გარანტირებულ ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ცუდი კი ისაა, რომ კრიზისული ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში მთავრობა პირველ რიგში ამ ვალდებულებების გასტუმრებაზე იტყვის უარს. რომელიმე ბანკი რომ გაკოტრდეს, დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ფული წამში აორთქლდება, მთავრობას კი მომენტალურად მოუწევს მისი დაბრუნება. გარდა ამისა, ამ გზებით მთავრობა უპრობლემოდ ზრდის სახელმწიფო ვალს.
