მსახიობი და რეჟისორი, ნიკა თავაძე ეხმაურება მისი შვილის, ასევე რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლის – LIBERTÉ-ს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ნაწყვეტები სპექტაკლიდან, რომელზეც გადაღება აკრძალულია. სპექტაკლის აღწერაშივე მითითებულია, რომ ის არასრულწლოვანებისთვის არაა განკუთვნილი, შესვლისას კი ყველა მაყურებელს აფრთხილებენ გადაღების დაუშვებლობის შესახებ. მალულად გადაღებული კადრები პროსახელისუფლებო მედიებმა ეთერში არაერთხელ გაუშვეს და ის დათა თავაძისა და ზოგადად, პროტესტში მყოფი თეატრალური საზოგადოების საწინააღმდეგო განწყობების გასავრცელებლად გამოიყენეს.
ნიკა თავაძე ამას “უნიჭო პროპაგანდას” უწოდებს და ამბობს, რომ არ შეიძლება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნაწყვეტებით მსჯელობა სპექტაკლზე, რომელიც ნანახი არ გაქვს.
“ჩვენ არაფერი გვაქვს დაფარული. ჩვენი სპექტაკლი მაყურებლისთვისაა და ეს თავიდანვე გაცხადებულია. სპექტაკლი უკვე ნიშნავს, რომ ის ღია პროცესია და დამალვას და მიჩქმალვას კი არა ღია სანახაობას და უკეთეს შემთხვევაში დისკუსიასაც ემსახურება. დისკუსია, რომელიც ასე აკლია დღეს საზოგადოებას.
ძალიან მახარებს ის პროცესი, როდესაც სპექტაკლის ნახვის შემდეგ სხვადასხვა აზრს ვისმენთ და ვთვლით, რომ ეს ჯანსაღი პროცესია და შესაძლებელია ამან მეტი სარგებელი მოუტანოს, როგორც თეატრს ასევე სამუშაო პროცესს.
სპექტაკლი ეს მაყურებელთა ერთ სივრცეში ყოფნის ხელოვნებაა და გარკვეული დროის განმავლობაში, ამ სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრის მთლიანი აღქმა – და არა მიქელანჯელოს დავითის მხოლოდ სასქესო ორგანოს ჩვენება და დანარჩენის მიჩქმალვა. ვინც ამ უნიჭო პროპაგანდას აყვა სწორედ ეს სასქესო ორგანო დაგანახათ – მთლიანი კონტექსტიდან ამოჭრილი და მასზე ფოკუსირებული. უყურებთ მას და ფიქრობთ, რომ სხვა კიდევ რისი დანახვა უნდა გვინდოდეს, ისედაც გასაგებია რა საზიზღრობაც იქნებაო.
დიახ, თუ ასე გსურთ ამაში ვერავინ შეგეცილებათ და მსოფლიო შედევრად მიჩნეულს სხვა ალტერნატივასაც არ დაუტოვებთ, რადგან ეს მისი ორგანული ნაწილია და მის გარეშე მის კლონირებულ რეალობას მიიღებთ, იმის მსგავსს, რომელიც სპორტის სასახლესთან ფოთოლ დამშვენებული დგას. ფოთოლ მიფარულ რეალობაში არსებული სიმშვიდე, ეს არის დღევანდელი თუ წარსული სულისკვეთებით არსებული სიმშვიდის სიმბოლო. არ გაგონების, რეალობისთვის თვალის არ გასწორების.
და აი ის ქურდი, რომელიც შემოიჭრა სპექტაკლის დროს და მალულად როგორც ქურდმა გადაიღო და თქვენი მზერა იქ მიიტანა რაზეც ზუსტად იცოდა რა რეაქციაც მოყვებოდა, პირველ რიგში თქვენ არ გცემთ პატივს, გეუბნებათ რომ – მე გაჩვენებ რა არის დავითის სკულპტურა – სხვაგან ნურც გაიხედავო და გაჩვენებთ იმას რაც თვითონ უნდა. ამის უფლებას თქვენ აძლევთ , მეტი არავინ. და ეს სამწუხაროა. თქვენ მსხვერპლი ხართ, როგორც მიქელანჯელოს დავითი, რომლის საჩვენებლად მხოლოდ ქურდულად მოპოვებული ნაწილი გაიმეტეს თქვენთვის”, – წერს ნიკა თავაძე.
ბოლო დღეების განმავლობაში, სპექტაკლის მიმდინარეობისას სამეფო უბნის თეატრთან რამდენჯერმე მივიდნენ ე.წ. ტიტუშკები. ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილი და აჟღერებდნენ ძალადობრივ მოწოდებებს. დღეს, 8 მაისს, საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწის, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ცენტის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზებით თეატრთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
- დათა თავაძისა და ნიკა თავაძის საჯარო ბოდიში ქართულ საზოგადოებას;
- მუნიციპალიტეტმა უარი თქვას თეატრის თანადაფინანსებაზე;
- სპექტაკლის- “Liberté” – სცენიდან მოხსნა;
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი თეატრის პიკეტირების მუქარა გაჟღერდა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან სპექტაკლის ავტორებსა და მონაწილეებს სინანულისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა.