ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე ქართველი მომღერლის, მაია იუკურიძის სიმღერები „ჩემი ხარ, ჩემი“ და „მოვიპარავ“ ვრცელდება. გვერდის ადმინისტრატორი ერთ-ერთ პოსტში წერს: “მივესალმები ჩვენს უნიჭიერეს ემიგრანტს, მაია იუკურიძეს. ასეთი ტალანტების მყოლი ხალხი, როგორ შეიძლება ვინმემ დაიმონოს! დარწმუნებული ვარ, ჩვენს ბრძოლაში, ემიგრაციაც იტყვის თავის სათქმელს!“
ამ მოულოდნელმა გაზიარებებმა მომხმარებელთა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგიერთმა ივარაუდა, რომ პრეზიდენტის გვერდი გატეხეს, ზოგი კი ხუმრობდა, რომ მიშას მუსიკალური პაუზა ჰქონდა. იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს დავუკავშირდით.
ეკა ხერხეულიძემ ჩვენთან საუბარი არ ისურვა, ამის მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა არც მომღერალზე, არც სიმღერებზე და არც იმაზე, თუ ვის შეიძლებოდა გაეზიარებინა ეს მუსიკა სააკაშვილის გვერდზე.
განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი ჩალაძეს, პარტიის წევრს, რომელიც ექსპრეზიდენტის ოჯახთან მეგობრობს:
“პრეზიდენტის გვერდის ადმინისტრატორი გააზიარებს. სხვა გამორიცხულია, რამე მოხდეს. მე როგორც წავიკითხე პოსტიდან, ემიგრაცია იყო აღნიშნული, შესაბამისად, ემსახურება ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. მიხარია, რომ თქვენს ყურადღების სივრცეშიც მოხვდა და იმედი მაქვს, დაეხმარება ხსენებულ შემსრულებელსაც. პრეზიდენტის გარეშე, მისი სახელით ვერ გავრცელდება რაიმე. თუ მსგავსი მოხდება, აუცილებლად გვექნება მეც და მასაც შესაბამისი რეაქცია. მიუხედავად მისი პოლიტიკური პატიმრობისა და შეზღუდული ყველა კომუნიკაციის საშუალებისა, პრეზიდენტის ერთგული თანამებრძოლები ყველა მის საქმეს შესაბამისი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით უძღვებიან.“
ვინ არის მაია იუკურიძე?
იმის გასარკვევად, თუ ვინ არის მომღერალი, რომლის ვიდეოებმაც პრეზიდენტის მხარდამჭერები ააფორიაქა, მაია იუკურიძეს ამერიკაში დავუკავშირდით.
მაია ამბობს, რომ მისი სიმღერების გარშემო აჟიოტაჟზე რეაქცია არ აქვს, ისევე როგორც არ ჰქონია მაშინ, როცა მისი სიმღერა „ჩემი ხარ, ჩემი“ 2020 წელს ინტერნეტში პოპულარული გახდა.
“არასოდეს მიფიქრია პოპულარობაზე, უბრალოდ ჩემთვის ვწერ სიმღერებს და თუ ხალხს მოეწონება, ხომ ძალიან კარგი და თუ არა, მაინც დავწერ, ჩემთვის ვიღიღინებ,“ – გვითხრა მაიამ.
თავისი შთაგონების წყაროდ მომღერალი თუშეთს ასახელებს: “ვარ უბრალოდ თუში. მიყვარს სიგიჟემდე ჩემი თუშეთი და თუშეთია სრულიად ჩემი სიმღერების დაწყების მიზეზიც. თუშეთში თუ ხართ ნამყოფი, მიხვდებით, რატომაც ვმღერი, იქ ყველა მღერის და ლექსებს წერს.“
მაია იუკურიძე ამერიკაში უკვე 21 წელია ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ სამშობლოში ხშირად ჩამოდის. “წელი არ გამიცდენია თუშეთში რომ არ წავიდე, წლევანდელის გარდა, იმიტომ რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ვერ გავრისკე” – გვითხრა მან.
მაია ბავშვობიდან მღერის. მისი პირველი „ინსტრუმენტი“ თუშეთში ნაპოვნი ძველი იყო, რომელსაც კლავიშების ნახევარი არ უმუშავებდა. ამის მიუხედავად, მან სწორედ მასზე დაიწყო თუშური სიმღერების სწავლა, მოგვიანებით კი საკუთარი სიმღერების წერა.
მისი ოჯახი ემიგრაციაში მამის გარდაცვალების შემდეგ, გაჭირვებამ წაიყვანა. ჯერ დედა, ლია აბაიძე წამოვიდა ამერიკაში და შემდეგ მაიაც წაიყვანა. ისინი პენსილვანიაში, პოკონოში, მონასტრის ახლოს ცხოვრობენ, რომლის შეძენის ინიციატორიც დედამისი იყო.

“დედაჩემი უძრავი ქონების აგენტი იყო და გასაყიდი ეკლესია ნახა 2007 წელს და დაიჟინა, რომ ჩვენ უნდა გვეყიდა. შეგროვდა ფული და ვიყიდეთ. მას მერე არის აქ ქართული მონასტერი, რომელიც პირველი ქართული ეკლესია იყო ისტორიაში, რომელიც ამერიკაში შეიქმნა. მერე გადაეცა საპატრიარქოს და მას მერე საპატრიარქოს ეკუთვნის, გვყავს 3 დედაო რომლებიც საქართველოდან ჩამოვიდნენ წლების წინ და ახლა მონასტრის გვერდზე სახლიც შეიძინა ეკლესიამ და იქ ცხოვრობენ. ყველა კვირას წირვა ტარდება და ვხვდებით ემიგრაციაში ქართველები ერთმანეთს“ – ამბობს მაია.
მისი მეუღლე, გიორგი გოგოლაურიც ქართველია და ისიც მღერის და სიმღერებს წერს. წყვილს ორი თვის ვაჟი, ელია-ზეზვა გოგოლაური ჰყავს.
ექსპრეზიდენტის პოსტებზე
მაიამ ექსპრეზიდენტის მიერ მისი სიმღერების გაზიარების შესახებ ბიძაშვილისგან შეიტყო, რომელმაც მას “სქრინშოტი“ გაუგზავნა.
“გამიხარდა, რა თქმა უნდა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ექსპრეზიდენტი ჩემს სიმღერებს მოისმენდა და გააზიარებდა. პირადად არ ვიცნობ, მართალია, და პოლიტიკაში არასოდეს ვერევი,“ – გვითხრა მომღერალმა.
მისი სიმღერები განსხვავებული სტილით გამოირჩევა. მაია ტექსტში თუშურ სიტყვებს ურევს, რომლებიც ძველი ქართული სიტყვებია, რის გამოც ბევრს უჭირს მათი შინაარსის გაგება.