ვინ არიან ქართველები, რომელთაც ბრალად უნიკალური წიგნების მოპარვა ედებათ – ბიბლიოთეკების ძარცვის ყველაზე მასშტაბური ქსელი

“დაკარგული ბრილიანტები” – საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც წიგნების მაფია უნიკალურ გამოცემებზე ნადირობს. კვალი მოსკოვამდე მიდის. ევროპის ქვეყნებში უკვე მოპარულია რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ათეულობით წიგნი, რომელთა შორის რუსი კლასიკოსების პირველი გამოცემებია.

“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ანალოგიური დანაშაულისთვის საქმე აღძრულია საქართველოშიც, თუმცა პუშკინის ქვეყნიდან გატანა ვერ მოასწრეს. დანაშაულებრივი ქსელის მთავარი ფიგურანტები ქართველები არიან. “პუშკინი” – სწორედ ასე ჰქვია სპეცოპერაციას, რომელიც ახლა მთელი ევროპის მასშტაბით მიმდინარეობს.

ბექა ცირეკიძე ერთ-ერთია იმ ქართველებიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წიგნების ძარცვის ყველაზე მასშტაბურ ქურდობაში იღებენ მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქე ბიბლიოთეკების ხშირი სტუმარი იყო, თუმცა ახლა 2 წლის გატარება ს ციხეში მოუწევს.

8 უნიკალური გამოცემა, მათ შორის, პუშკინისა და გოგოლის წიგნები, მან თანამზრახველთან ერთად ყალბი ასლებით შეცვალა. მანამდე ცირეკიძემ თბილისში იოსებ გრიშაშვილის წიგნების კოლექცია გაძარცვა. ბიბლიოთეკა-მუზეუმში ის მკვლევრის სტატუსით ფეხმძიმე ქალთან ერთად მივიდა.

თბილისში ბექა ცირეკიძის ყოფილი მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცმა სახლი, დაახლოებით, ორი წლის წინ გაყიდა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ გაემგზავრა. მათ “კურიერისგან” შეიტყვეს, რომ ცირეკიძის სახელი ევროპაში ბიბლიოთეკების ძარცვის მასშტაბურ ქსელთან არის დაკავშირებული.

ოპერაცია კოდური სახელწოდებით “პუშკინი” ერთდროულად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა. საფრანგეთი, შვეიცარია, პოლონეთი, ლატვია, ფინეთი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც საქართველოს მოქალაქეები ბიბლიოთეკებიდან უიშვიათესი წიგნების ქურდობაში არიან მხილებულნი. ევროპული წიგნსაცავებიდან მოპარულია პუშკინის, გოგოლის, დოსტოევსკის და სხვა რუსი კლასიკოსების პირველი გამოცემები, საერთო ზარალი კი რამდენიმე მილიონ ევროს აღწევს.

მე-19 საუკუნის უნიკალური წიგნების ქურდობისთვის სამი ქართველი ბრალდებული საფრანგეთში დააპატიმრეს, ბექა ცირეკიძე კი ესტონეთში აიყვანეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მასვე მოუწევს ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზარალის, 158 ათასი ევროს ანაზღაურება.

ბექა ცირეკიძის სახელს კარგად იცნობენ ქართველი ბიბლიოგრაფებიც. “კურიერმა” გაარკვია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა იოსებ გრიშაშვილის პირადი კოლექციიდან ალექსანდრე პუშკინის ორი უნიკალური გამოცემა მოიპარა. წიგნები სამართალდამცველებმა ქვეყნიდან გატანის მომენტში, მესამე პირისგან ამოიღეს, თავად ცირეკიძემ კი საქართველოს დატოვება მოახერხა და რუსი კლასიკოსების ძვირადღირებული გამოცემების ქურდობა ევროპის ქვეყნებში განაგრძო. ხელწერა ყველგან ერთია – ცირეკიძე თანამზრახველებთან ერთად წიგნების ორიგინალს გაყალბებული ასლებით ცვლიდა.

იოსებ გრიშაშვილის უნიკალურ ბიბლიოთეკა-მუზეუმს დღეს პოეტის შვილიშვილი ხელმძღვანელობს. ნოდარ გრიგორაშვილი “კურიერთან” პირველად იხსენებს, თუ როგორ გაქრა წიგნსაცავიდან 1826 წლით დათარიღებული პუშკინის ორი რარიტეტული გამოცემა. გრიგორაშვილმა “რუსთავი2”-თან დაადასტურა, რომ მამაკაცი, რომელმაც ბიბლიოთეკიდან წიგნები მოიპარა, ნამდვილად ბექა ცირეკიძეა. მისი ნაამბობით ირკვევა, რომ ცირეკიძე ბიბლიოთეკაში მკვლევრის სტატუსით ფეხმძიმე ქალთან ერთად მივიდა. მათ წიგნები ყალბი ასლებით იმ დროს შეცვალეს, როცა დაწესებულების დირექტორი ფეხმძიმე ქალისთვის წყლის მოსატანად პირველ სართულზე ჩავიდა.

მომდევნო დღეებში, ამავე ბიბლიოთეკიდან ცირეკიძის თანამზრახველმა მამაკაცმა ძვირადღირებული ფუტურისტული ლიტერატურაც მოიპარა. შავ ბაზარზე მხოლოდ ერთი გამოცემის ფასი 25 000 დოლარს აღემატება.

მამაკაცი გვარად ეცადაშვილი წიგნების ქურდობის სხვა საქმეშიც ფიგურირებს. საუბარია ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის ყოფილ დირექტორზე, ზურაბ ეცადაშვილზე. ის 2010 წელს კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორ არჩილ გელოვანთან ერთად დააკავეს. მაშინ, ეცადაშვილის ბინების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ყუთებში დაფასოებული 2500-მდე წიგნი ამოიღეს. არჩილ გელოვანის ბინაში კი პოლიციამ ეროვნული არქივის ფონდებიდან მოპარულ და უცხოეთში გასატანად გამზადებულ 41 წიგნს მიაკვლია.

წიგნის ქართველი მძარცველების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაშიც. “კურიერის” ინფორმაციით, ექსპერტიზა უტარდება 1826 წლით დათარიღებულ პუშკინის ორ ნაწარმოებს, რომლებიც გრიშაშვილის ბიბლიოთეკიდან, სავარაუდოდ, ბექა ცირეკიძემ გაიტანა. კიდევ ვის კვალზე გავა გამოძიება, ჯერ უცნობია, თუმცა არაერთი გავლენიანი დასავლური გამოცემა წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე ეს არის ბიბლიოთეკების ძარცვის ყველაზე მასშტაბური ქსელი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება