„ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან“ — პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“

დაფუძნდა პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი”, რომლის პრეზენტაცია პირველ ივლისს ჩატარდა. ახალი მოძრაობის მიზანი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა.
ამის შესახებ მოძრაობის დამფუძნებელმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ, მოძრაობის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
პრეზენტაციაზე მოძრაობის წევრებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და აღნიშნეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია თავისუფლების და ევროპული მომავლის განადგურებისკენ. ამ პარტიამ დაალპო სახელმწიფო ინსტიტუტები და ისინი ხალხის სამსახურის ნაცვლად საკუთარი გამდიდრების წყაროდ აქცია. პარლამენტი, სადაც ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მივიღეთ, ქართულმა ოცნებამ თავისუფლების საწინააღმდეგო შეთქმულებების ადგილად აქცია. სადაც ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარებს პატივით ხვდებიან.
მათ იმიტომ სურთ საქართველო ს მორჩილებაში დააბრუნონ, რომ მხოლოდ იქ ხედავენ მოკავშირეს ხელისუფლების უზურპაციის საქმეში. ამიტომ ცდილობენ დემოკრატიის მოსპობას რუსული კანონებით. და თუ ისინი მოახერხებენ დემოკრატიის განადგურებას, მაშინ ყველაფერ დანარჩენსაც გაანადგურებენ.
სწორედ დემოკრატია და მისი დაცვა არის ჩვენი მთავარი ამოცანა.
ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს. ჩვენი გამარჯვებების თარიღზე. მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც, ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხას, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააკეთა უკვე. მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში, ყველა, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ, მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას, ჩვენს მანიფესტსა და სულისკვეთებას.
ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში არა პოლიტიკური სივრცის დანაწევრებისთვის, არამედ მისი გაერთიანებისთვის“ — თქვა ლევან ცუცქირიძემ მოძრაობის პრეზენტაციაზე.
ლევან ცუცქირიძემ წარადგინა მოძრაობის წევრებიც, რომელთა შორის არიან ზურაბ ფარჯიანი, სიკო ჯანაშია, რევაზ აფხაზავა, ირაკლი ქობალია და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა დავითულიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ