5
ახალგაზრდა აქტივისტები – თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა ამბობენ, რომ ბსუ-ს პროფესორმა, ნანი გვარიშვილმა მათზე იძალადა. აქტივისტები დღეს, 28 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პეტიციაზე ხელმოწერას აგროვებდნენ – „მიეცი წამალი ბავშვებს“.
თაკო სურმანიძის თქმით, ბსუ-თან განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წუთში 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა. ამ დროს გამოვიდა უნივერსიტეტიდან პროფესორი, ნანი გვარიშვილი მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად.
ვიდეოს მიხედვით, ქალი სტუდენტებს ეჩხუბება და ეუბნება, რომ ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნა მათი საქმე არაა და რომ სჯობს, სწავლას მიხედონ.
„ამ ქალმა თითის ქნევით დამიწყო ჭკუის სწავლება და ყვირილი, რომ არაფერი არ ვიცი, რძე არ შემშრობია და სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის, ვინ უნდა დააფინანსოს.
ამ აგრესიის გადაღება დაიწყო მობილური ტელეფონით ჩემმა მეგობარმა, ნონა მირზოევამ. ქალბატონი კიდევ უფრო გაღიზიანდა, როცა შენიშნა, რომ უღებდნენ და პირდაპირ ხელში სწვდა ნონას, მას ხელიდან დააგდებინა ტელეფონი… ამიტომაც შეწყდა ვიდეოს ჩაწერა.
ამის შემდეგ ხელზე რამდენჯერმე დაარტყა ამ პროფესორმა ნონას და თან ორივეს გვლანძღავდა,“ – ამბობს გამოცემა “ბათუმელებთან” თამარ სურმანიძემ.
აქტივისტის ვიდეოში, მკაფიოდ ჩანს, როგორ აგდებინებს პროფესორი ნანი გვარიშვილი ახალგაზრდა აქტივისტს ხელიდან მობილურ ტელეფონს. ამ ინციდენტის შემდეგ პროფესორი უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს მიმართავს: „ვინ მისცა უფლება ენის გრძელების?“ მას აქტივისტები ეუბნებიან: „ხელით შეგვეხეთ“.
ნანი გვარიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი ბიოლოგიის დარგობრივ დეპარტამენტში მუშაობს.
“ბათუმელებთან” ნანი გვარიშვილი ისევ ამტკიცებს, რომ როცა ქუჩაში გადაღების უფლება არ აქვთ ახალგაზრდებს და მით უფრო მაშინ, როცა მათ მიმართავს:
„გამოდის, რომ ძალიან ცუდად უყურეთ ვიდეოს… ნახეთ, როგორ იქცევიან ახალგაზრდები? მე მათ ხუთჯერ ვთხოვე, რომ არ გაქვთ უფლება გადაღების, ისინი მომმართავდნენ შენობით და თავხედობით, არაკომპეტენტურობა ლამაზი ნათქვამია კიდევ. მე რომ მიღებ, არ უნდა მკითხო, გადამიღო თუ არა? თუ თქვენც ასე ფიქრობთ?“
ცნობისთვის, ვიდეოში ისმის ხმები:
“ვაიმე, ნუ მირტყამთ, ქალბატონო. ბავშვები წამალს ითხოვენ მხოლოდ და ამისთვის მირტყამთ? თსუ–ს მოძალადე ლექტორი – იხილეთ.”
მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალის ქმარია, სტუდენტებს ეუბნება, რომ უსინდისოები არიან.
ვიდეოს ბათუმელები ავრცელებს:
“>
