„ვიდეოს გადაღება მინდოდა“ – რას ჰყვებიან სუ-25-ის ჩამოვარდნის თვითმხილველები

სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე აგროვებენ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი სუ-25. ავიაკატასტროფას ერთი მფრინავის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდაცვის სამინისტროს სწავლებაში ჩართული თვითმფრინავი საწვრთნელ ბაზასთან ახლოს დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, ჩამოვარდა.
„ვუყურებდი, რადგან თვითმფრინავის ხმა ტელეფონზე საუბარში ხელს მიშლიდა. [ამ დროს] ავარდა უცებ, აღარ ჩანდა და შემდეგ დაეშვა. ბავშვმა მითხრა აფეთქდაო. კვამლი იყო. ქალები წავედით ხორბლის ყანებში, იქნებ ჩამოვარდაო [ადამიანი]. მერე გვითხრეს, რომ დაღუპულა“, – უთხრა „მთავარ არხს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
კიდევ ერთი თვითმხილველი „TV პირველს“ ეუბნება, რომ მისი ყურადღება თვითმფრინავმა შთამბეჭდავი მანევრების გამო მიიქცია:
„გადაგვიფრინა და ზემოთ აიწია ჰაერში. მინდოდა ვიდეოს გადაღება, რა კარგად მოძრაობს ჰაერში-მეთქი. ისე კარგად დაფრინავდა… ბოლი შევნიშნეთ და მერე სახანძრო და საპატრულო მანქანები გამოჩნდა“.
თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კატასტროფის შედეგად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.