ვთანხმდებით ირაკლი კობახიძის გამოწვევას, გინდათ დებატი – აქ ვართ – ახალგაზრდა აქტივისტები

სტუდენტები და ახალგაზრდა აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან დებატებში დასხდნენ.
ახალგაზრდების განცხადებით, მათ კონკრეტული შეკითხვები აქვთ, რომელიც პასუხებს საჭიროებს.
ამის შესახებ მათ დღეს, პირველ თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში განაცხადეს.
„ამ ქვეყანაში ჩიხში შესული პოლიტიკური სიტუაციის გამო, ვთანხმდებით ირაკლი კობახიძის გამოწვევას, გინდათ დებატი – აქ ვართ, აი აქ შეკრებილი, აქ მდგომი ახალგაზრდების სახელით ვამბობ რომ ჩვენ მზად ვართ, საკმაოდ ბევრნი ვართ და გვაქვს შეკითხვები რომლებსაც ჭირდება პასუხები.
ბატონო ირაკლი კობახიძევ, ხომ ეძახით საკუთარ თავს პრემიერს, ხოდა გახსენებთ რომ ამ თქვენივე ლოგიკით ანგარიშვალდებული ხართ ხალხთან და მათ შორის იმ ადამიანებთანაც ხართ ანგარიშვალდებული, ვინც თუნდაც არ გაღიარებთ და არ გეთანხმებათ.
ჩვენ არ ვჯდებით არსად არც დამოძღვრის მოსასმენად და არც რაღაც შემოგდებულ თემებზე სალაპარაკოდ, ამას ვაკეთებთ იმიტომ რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში რომლის თავზე მომჯდარი პარტიაც გვინადგურებს მომავალს, იჭერს ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო, ჰყავს ამდენი სინდისის ტყვე, და თუნდაც ატარებს ამხელა განათლების ვითომ რეფორმას ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხება და რახან საქართველო, მისი ეროვნული ინტერესი ჩვენთვის უპირველესია, რახან გვინდა მართლა ნორმალური, ბედნიერი და მშვიდობიანი ცხოვრება ამ ქვეყანაში – ვუსვამთ ხაზს რომ გვაქვს კონკრეტული შეკითხვები და ისინი საჭიროებს პასუხებს – მორჩა ახალგაზრდებისგან დამალვის დრო“, – აცხადებენ ახალგაზრდები.
მათი განცხადებით, ისინი მზად არიან დებატებში დასხდნენ ნებისმიერ ფორმატსა და ნებისმიერ არხზე, რომელიც პირდაპირ ეთერში იქნება.
ამ განცხადებას ვაკეთებთ ადგილიდან რომელიც სიმბოლურია 3 მიზეზით – ჩვენ ვართ ზუსტად იმ უნივერსიტეტთან რომელსაც ანადგურებენ ამ ვითომ განათლების რეფორმით, ვართ უნივერსიტეტთან რომელშიც წლები სწავლობდა და ასწავლიდა ამ განცხადების ადრესატი, რომელიც დღეს დამცინავად მოიხსენიებს მას და ვართ ზუსტად იმ ეზოში სადაც ძალიან ბევრი დიდი მოძრაობა დაწყებულა.
ხომ გინდოდათ დებატები და დისკუსია – ხოდა აქ მყოფი ბევრი ახალგაზრდა მზად ვართ დავსვათ კითხვები, რაზეც ცხადია გვექნება ჩვენი პასუხები და არგუმენტები და შემდეგ – ჩვენ, ჩვენთან ერთად მთელი ქვეყანა მოგისმენთ და გავაკეთებთ ჩვენს დასკვნებს, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს და რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში.
ჩვენგან, აქ მდგომებიდან ამ ფორმატში ვიქნებით იმდენი რამდენიც გსურთ – ეს იქნება ეს ერთი, სამი, ხუთი თუ ათი.
ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ მზად ვართ – ბურთი ისევ თქვენს მოედანზეა და იმედია არ დავინახავთ პასუხად შიშს და დამალვას“, – აცხადებენ ახალგაზრდები.