ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, კეტი პერის, “The Lifetimes Tour”-ის ბერლინის კონცერტი ქართველი გულშემატკივრისთვის და მთელი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. 22 წლის გიორგი ბრეგვაძემ – ინგლისურის მასწავლებელმა თბილისიდან – წინა რიგებში დგომის ბავშვობის ოცნება არა მხოლოდ აიხდინა, არამედ ეს შანსი მსოფლიოსთვის საქართველოს აქტუალური პოლიტიკური საკითხების გასახმაურებლად გამოიყენა.
გიორგიმ მომღერალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ქვეყნის ევროპული მისწრაფებისა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ ამცნო, რის შემდეგაც ქეთი პერიმ სცენიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: “საქართველო, ჩვენ შენ გვერდით ვდგავართ! ჯერ კიდევ გვჯერა დემოკრატიის.“
– თბილისში ვცხოვრობ, ვმუშაობ, ინგლისურის მასწავლებელი ვარ. უკვე ექვსი წელია რაც ემიგრანტებთან ვმუშაობ. ცხრა თვის განმავლობაში ვაგროვებდი ფულს, რომ ამ კონცერტზე წავსულიყავი და წინა რიგებში დავმდგარიყავი, ამით, ჩემი ბავშვობის ოცნება ამეხდინა, მენახა ქეთი პერი.
ბავშვობიდან მისი ფანი ვარ. მეოთხე კლასში რომ ვიყავი, სკოლაში მასზე გავაკეთე პრეზენტაცია და მახსოვს, ბავშვებმა ულვაშები რომ მიახატეს, ძალიან მეწყინა. ისე არ დავიძინებდი მისი კლიპები რომ არ მენახა. ჩემთვის ღმერთთან შეხვედრასავით იყო.
– როგორ შეძელით ქეთი პერის ყურადღების მიპყრობა და როგორ მოგცათ მან მიკროფონი?
– დაგეგმილი არ მქონია, მაგრამ მისი იმდენად “სტაჟიანი“ გულშემატკივარი ვარ, რომ ვიცოდი ორი ბილეთი უნდა მეყიდა, რომ ახლოს ვმდგარიყავი მასთან. ასევე ვიცოდი, რომ ინტერაქცია ჰქონდა ფანებთან, რომლებსაც ეცვათ განსაკუთრებული ჩაცმულობა. შესაბამისად, ხელით ავაწყე ეს ჩაცმულობა, რომელიც ახლოს იყო მის სიმღერასთან “peacock” (“ფარშევანგი”). ფარშევანგის ფორმაში ჩაცმული მივედი კონცერტზე, რომ მარტივად თვალში საცემი ვყოფილიყავი. ამავე დროს ვიდექი წინა რიგებში და მეკავა პლაკატი, სადაც ეწერა, “მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ ჩაგხუტებოდი”. ეს რომ დაინახა ქეთიმ, მითხრა, თუ ჩახუტება გინდა, მოვალ და ჩაგეხუტებიო, ამით დაიწყო ყველაფერი.
გარდა ამისა, ვიცოდი, რომ ერთ-ერთი სიმღერის “last friday night” პერფორმანსის დროს, ერთ-ერთ გულშემატკივარს ართმევდა ტელეფონს და ამით იღებდა. სწორედ იმ ადგილას დავდექი, სადაც ვიცოდი, რომ ფანს ტელეფონს გამოართმევდა. სწორედ მე ვიყავი ის ბიჭი, ვისაც იმ ღამით ტელეფონი გამოართვა.
ვრცლად იხილეთ: ambebi.ge




