დეველოპერული კომპანია ELT GROUP კახეთში $400-500 მლნ-იანი პროექტის დაწყებას აანონსებს. კომპანიის დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას ამბობს, რომ პროექტი Barcelo Hotels group-თან კოლაბორაციით ხორციელდება და ის 650-მდე ვილის და 250-ნომრიანი 5*-იანი სასტუმრო განვითარებას მოიაზრებს. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცეც მოეწყობა.
გარდა ამისა, კომპანია რიგით მეორე პროექტის დაწყებას გეგმავს თბილისშიც.
„ჩვენ 1 წლის განმავლობაში გამოვაცხადებთ ორ დიდ პროექტს, ერთი ეს არის თბილისში, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ, სადაც 2 ჰა მიწის ნაკვეთი უკვე შევიძინეთ. აქ მულტიფუნქციური კომპლექსი შეიქმნება.
ასევე ჩვენ დიდი სიამაყით ვამბობთ, რომ 1 თვის წინ შევიძინეთ მიწა გარე კახეთში, თბილისიდან 45 წთ-ის სავალზე, სადაც უნდა განვავითაროთ ქოლექშენის მიმართულება, ასეთი მიმართულება აქვს ჩვენს ექსკლუზიურ პარტნიორს, „ბარსელო ჯგუფს.“
ძალიან მაღალი დონის და კონცეფციის მქონე კურორტი იქნება, სადაც თავისი ინფრასტრუქტურით 600-დან 650-მდე პრივატულ ვილას და 200-დან 250-ნომრამდე 5*-იან სასტუმროს ავაშენებთ, ასევე სრული ინფრასტრუქტურით – ვერტმფრენის დასაჯდომით, გოლფის მოედნით და ა.შ. ეს ლოკაცია რეკრეციული სივრცისა და აქტივობების განვითარების საშუალებას გვაძლევს.
თბილისში, დიღმის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, კახეთში კი სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია, ინვესტიციის მოცულობა 400-დან 500 მლნ დოლარამდე იქნება. ვფიქრობთ, რომ გარე კახეთში, მულტიფუნქციური პროექტის გახსნას მომავალი წლის პირველ ნახევარში შევძლებთ“, – განაცხადა თურმანიძემ.
კომპანია ELT GROUP აჭარის დეველოპერულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. ამ დრომდე ახალ ბულვარში მათ მიერ 10-მდე საცხოვრებელი კორპუსია აშენებული. „იელთი ჯგუფში“ ამბობენ, რომ მომდევნო 2-3-წლიან პერსპექტივაში მათ პორტფელში 5 000-მდე აპარტამენტი და 250-მდე სასტუმრო ნომერი იქნება.
