ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა – უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა

Meteo.gov.ge-ის ჰიდროლოგიური მონაცემებით, უხვი ნალექის გამო, საქართველოს მთელ რიგ რაიონებში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა, მათ შორისაა ვერეს ხეობა, სადაც ზღვის დონე, პორტალის მიხედვით, 15:50 წუთისთვის, 273 სმ-ია. Meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, სასიგნალოდ ითვლება 210 სმ, ხოლო 260 სმ. – საშიშად.
შექმნილი მდგომარეობის ფონზე, მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მანქანაში მყოფი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ადიდებული ვერეს ხეობისა და ავტომობილის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ქვეყნის მასშტაბით, წყლის დონე საყურადღებოა – მდინარე ალაზანზე (406 სმ), მდინარე ენგურზე (390 სმ), მტკვარზე (339 სმ), ფშავის არაგვზე (215 სმ.), ცხენისწყალზე (297 სმ).
გავრცელებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. გარდა ამისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, რეგიონში აიდებულია რამდენიმე მდინარე.