სამშაბათს, 11 თებერვალს, პარიზში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ევროპელებს განუცხადა, რომ მათმა „მასობრივმა“ რეგულაციებმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეიძლება ჩაახშოს ტექნოლოგია. შინაარსის მოდერაციას კი „ავტორიტარული ცენზურა“ უწოდა.
შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა არ მოაწერეს ხელი საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ხელოვნური ინტელექტის სამიტის საბოლოო განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ინკლუზიური, ღია, ეთიკური და უსაფრთხო.
ხელოვნურ ინტეელქტზე განწყობა იცვლება იმის ფონზე, რომ ტექნოლოგიის უსაფრთხოების გარდა, ქვეყნების ერთ-ერთი საზრუნავი გეოპოლიტიკური კონკურენციაც გახდა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ცდილობენ, რომ სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჰქონდეთ წამყვანი ტექნოლოგია და ამ მხრივ უპირატესობა მოიპოვონ.
ვენსმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა განიზრახა ხელოვნური ინტელექტის სფეროში დომინანტური ძალა იყოს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ბევრად უფრო მკაცრ მარეგულირებელ მიდგომას.
„ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის სექტორის გადაჭარბებულმა რეგულაციამ შეიძლება მოკლას ტრანსფორმაციული ინდუსტრია“, – თქვა ვენსმა პარიზში, წამყვანი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებისა და სახელმწიფოს მეთაურების სამიტზე.
„ჩვენ ძალიან მტკიცედ ვთვლით, რომ ხელოვნური ინტელექტი თავისუფალი უნდა დარჩეს იდეოლოგიური მიკერძოებისგან და რომ ამერიკული ხელოვნური ინტელექტი არ იქნება იარაღი ავტორიტარული ცენზურის ხელში”,- თქვა ვენსმა.
ვენსმა გააკრიტიკა ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტით შექმნილი „მასობრივი რეგულაციები“, ისევე როგორც ევროპის ონლაინ კონფიდენციალურობის წესები, რომელიც ცნობილია GDPR-ის სახელით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ინტერნეტი უსაფრთხო ადგილია, მაგრამ ერთია ბავშვის ინტერნეტ სივრცეში დაცვა და სულ სხვაა, რომ ხელი შეუშალოს ზრდასრულ მამაკაცს, ან ქალს იმ აზრზე წვდომაში, რომელსაც მთავრობა დეზინფორმაციად მიიჩნევს“, – თქვა მან.
პარიზიდან ვენსი მიუნხენში გაემგზავრება, სადაც თავდაცვის მდივან პიტერ ჰეგსეთთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/i13ncb6idwuyz2n-qPrn6i-1-300x187.png)