ვენეციის კომისიის წევრი: როცა მოსაზრება შემუშავდა, ოცნებას გაეგზავნა, მაგრამ არ გვიპასუხეს

ვენეციის კომისიის წევრი დევის ქეი აცხადებს, რომ როდესაც რუსულ კანონზე დასკვნის პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა, გამოქვეყნებამდე ის გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას, თუმცა ოცნებამ კომისიას ამაზე არ უპასუხა. ამ თემაზე მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ქეის თქმით, ამის შემდეგ კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა.
“როგორც კი მოსაზრება შემუშავდა, საბოლოო ვერსია გაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ვფიქრობ, მათმა საჯარო განცხადებებმაც ამაზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რომ ჰქონოდა კომენტარები, რომლებიც სპეციფიკური იქნებოდა და რომელთა გათვალისწინებაც ვენეციის კომისიას შეეძლებოდა, ასეც ვიზამდით. მაგრამ, მათ არანაირი კომენტარი არ გამოუგზავნიათ…
პროცესი ასეთია – ჯერ ხდება დასკვნის პირველი ვერსიის დაწერა, შემდეგ მას ეთანხმება ყველა, ვინც საჭიროა, რომ დაჩქარებული მოსაზრების დროს მას დაეთანხმოს კომისიაში. ეს უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე სხვა ტიპის დასკვნების გამოქვეყნებისას. როდესაც პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა ვენეციის კომისიაში, ის გადაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას და მათ დაუსვეს კითხვა – სურდათ თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება?
ეს არ არის ძალიან დიდი დასკვნა, ამიტომ მასზე პასუხს დიდი დრო არ უნდა დასჭირვებოდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი [“ქართული ოცნება”] არ გამოგვეხმაურნენ, ან გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. მათ ერთი სრული დღე ჰქონდათ საპასუხოდ, მაგრამ არჩიეს, ასე არ მოქცეულიყვნენ. ასე რომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობას ჰქონდა შანსი რომ ეპასუხა და ამაზე უარი თქვა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა”- განაცხადა მან.
დევიდ ქეი ოცნების ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს, რომ დასკვნა არა პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებაზე, არამედ კანონზეა ორიენტირებული.
“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა წაიკითხოს, რა წერია ამ მოხსენებაში.
რა თქმა უნდა, ყველა არ წაიკითხავს ლეგალურად არგუმენტირებულ ნაწილს, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ნახონ, ზუსტად რა წერია. თუ კარგად შეხედავთ, ნახავთ, რომ ეს [რეკომენდაცია] კანონზეა ორიენტირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის საერთოდ არ არის ორიენტირებული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე. მაგალითად, ის იყენებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის კონტექსტში”- თქვა მან.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რას ითხოვს ვენეციის კომისია – კანონის გაწვევას თუ მის შეცვლას, დევიდ ქეი პასუხობს:
“მის უკან გაწვევას. ვენეციის კომისია, როგორც ალბათ, თქვენ და თქვენმა მსმენელებმა იცით, განიხილავს კანონებს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ის კანონებს აფასებს, როგორც წესი, ავრცელებს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაცვლელი რაიმე იმისთვის, რომ [ეს კანონი] იყოს შესაბამისობაში, მაგალითად ადამიანის უფლებების კანონთან, კონსტიტუციონალიზმთან, ან დემოკრატიასთან. ზოგჯერ კანონი იმდენად ფართოდ პრობლემურია, რომ კომისია უბრალოდ მოითხოვს, რომ კანონი გაუქმდეს. სწორედ ეს მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში”- თქვა მან.
21 მაისს ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.
კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას და კანონს მესამე მოსმენით კენჭი უყარა, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.
კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ “ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს”.
მსგავსი შინაარსის კომენტარები გაკეთდა ოცნების სხვა წევრებისგან.