ვენეციის კომისია – კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში

კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში. ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
ვენეციის კომისია ხაზს უსვამს კანონპროექტის მიღების პროცედურას და წუხილს გამოთქვამს, რომ პროცედურამ გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.
კომისია აღნიშნავს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს“ არ აკმაყოფილებს.
“უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ძალზედ კონტორვერსიულია ქართულ საზოგადოებაში, რასაც ქვეყანაში მასიური რეაქციები აჩვენებს, მიღებულ იქნა ისეთ პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთებების ღია უგულებელყოფით. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა, ვინაიდან, 2023 წელს მსგავს კანონპროექტზე რეაქციებმა აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იყო შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება იმ პირებთან, რომლებსაც კანონი შეეხებოდა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებთან და მაუწყებლებთან. პროცედურების ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის თავსებადობა შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც გამომუშავებულ იქნა ბევრ წინა მოსაზრებებში მსგავს საკითხებზე. შედეგად, ამ კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც აღნიშნულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” (ECHR) მუხლებში 8(2), 10(2) და 11(2), ასევე “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” (ICCPR) მუხლებში 17(2), 19(2) და 22(2), ვინაიდან, ისინი არ აკმაყოფილებენ ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ისევე როგორც ECHR-ის მე-14 მუხლში აღნიშნული არადისკრიმინაციის პრინციპს”, – ნათქვამია განცხადებაში.