გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ღრმად შეშფოთებულია ვენესუელაში შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ შექმნილი ვითარებით, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ვოლკერ თურქის პრესსპიკერი ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოპერაციამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს ძირი გამოუთხარა.
„ცხადია, რომ ოპერაციამ ძირი გამოუთხარა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს – რომ სახელმწიფოები არ უნდა დაემუქრონ და არ გამოიყენონ ძალა რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უმაღლესი კომისარი ხაზს უსვამს, რომ აშშ-მა თავისი ჩარევა ვენესუელას მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების ხანგრძლივი და საშინელი დარღვევის ფაქტებით გაამართლა, თუმცა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის აღება შეუძლებელია ცალმხრივი სამხედრო ჩარევით, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენესუელელი ხალხის უფლებები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ირღვევა, თუმცა, მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ჩარევის შედეგად ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა და შემდგომი მილიტარიზაცია სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.
უმაღლესი კომისრის განცხადებით, ვენესუელის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს, რადგან ის სხვა ზომებთან ერთად, ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ეროვნული თავდაცვისთვის აუცილებელი ქონების ჩამორთმევას, შეკრებისა და პროტესტის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
„უმაღლესი კომისარი მოუწოდებს აშშ-სა და ვენესუელის ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყონ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ადამიანის უფლებების სრული პატივისცემა. ვენესუელის მომავალი მხოლოდ ვენესუელელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ადამიანის უფლებების, მათ შორის თვითგამორკვევის უფლებისა და საკუთარი სიცოცხლისა და რესურსების სუვერენიტეტის უფლების, სრული პატივისცემით“, – აღნიშნულია განცხადებაში.




