“ვგეგმავთ პადელის მოედნის და საჯინიბოს დამატებას” – სამტრედიაში მდებარე ტურისტული ობიექტი “ფორთოხლები”

“ვგეგმავთ პადელის მოედნის და საჯინიბოს დამატებას” – ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში 2023 წელს დაფუძნებული ტურისტული ობიექტის “ფორთოხლების” დირექტორმა ლაშა ულარჯიშვილმა ისაუბრა.
მისივე თქმით, სამომავლო გეგმებშია განთავსების ადგილების გაზრდა, ზამთრის პერიოდზე გათვლით, დახურული სივრცეების დამატება და სხვა გასართობი სივრცეების შექმნაც, რათა სეზონის გახანგრძლივება შეძლონ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ლაშა ულარჯიშვილი ობიექტის დატვირთულობას დადებითად აფასებს. მისი თქმით, კომპლექსში დატვირთულობა მაღალია და დამსვენებლების რაოდენობა წინა სეზონის პროგნოზებს ემთხვევა.
როგორც “ფორთოხლების” დირექტორი ამბობს, სტუმრებს შორის არიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებლები – ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მეზობელი რეგიონებიდან.
“ფასები ნომრების კატეგორიების მიხედვით 400-დან 980 ლარამდე მერყეობს და 2-დან 4-მდე პერსონის განთავსებას მოიცავს, ასევე საუზმესა და აუზით სარგებლობას. ფასები მცირედით კორექტირდა, თუმცა ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა”, – თქვა მან.