ვახუშტი მენაბდე – „ქართული ოცნების“ ბუნებაა, როცა ხედავს, რომ სასწორზე მისი ძალაუფლების სტაბილურობა დევს, თმობს რაღაცებს, ჯიქურ არ აწვება – მოქალაქეებმა მკაფიოდ დავაფიქსიროთ განწყობები, ვანახოთ საკუთარი თავი ქუჩაში, რეფორმებზე დავითანხმოთ

„ქართული ოცნების“ ბუნება ასეთია, რომ როცა ის ხედავს, სასწორზე დევს მისი ძალაუფლების სტაბილურობა, ის აუცილებლად თმობს რაღაცებს , – ამის შესახებ პლატფორმა „კომენტარის“ დამფუძნებელმა, იურისტმა, ვახუშტი მენაბდემ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, საჭიროა საზოგადოებამ განწყობები მკაფიოდ დააფიქსიროს ყველა იმ ფორმით, რომელიც ადეკვატური იქნება იმ პოლიტიკური მომენტისთვის, რომელიც დგას თუ დადგება ქვეყანაში.
„გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია იმის თქმა, რომ, სადაც ჩათვლის „ქართული ოცნება“, რომ დათმობა საფრთხეს შეუქმნის მის ხელისუფლებაში ყოფნას, იქ ცხადია არ დათმობს; სადაც ჩათვლის, რომ დათმობა მნიშვნელოვანს არაფერს დააკარგვინებს, იქ დათმობს. ასე იქცეოდა ის წარსულშიც.
ეს რაც შეეხება რეკომენდაციების, კომისიისა და ჩვენი ხელისუფლების მიმართებას, მაგრამ აქ შემოდის მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე, ქართველი ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები როგორ ვიმოქმედებთ. რას მოვთხოვთ ხელისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი მოთხოვნები, განწყობები. ხელისუფლება ამ განწყობებს პერიოდულად საკუთარი კვლევებით აკვირდება. თუ კვლევით სათანადოდ ვერ დააკვირდება, შეგვიძლია ფიზიკურადაც, ვანახოთ საკუთარი თავი ქუჩაში, როდესაც ეს ძალიან პრინციპული იქნება. ეს გაგვიკეთებია კიდეც რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში.
„ქართული ოცნების“ ბუნება ასეთია, რომ როცა ის ხედავს, სასწორზე დევს მისი ძალაუფლების სტაბილურობა, ის აუცილებლად თმობს რაღაცებს და ამ თვალსაზრისით ჯიქურ არ აწვება, სადაც საფრთხე ექმნება. სადაც გასდის, იქ აწვება და იქ გააქვს, ხოლო სადაც არ გავატანინებთ, სადაც ჩვენს პრინციპულ პოზიციას ვაჩვენებთ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ შევძლებთ, რომ რეფორმებზე წამოვიყვანოთ და დავითანხმოთ“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!