ოპოზიცია ახლა პარაზიტობს ამ სახალხო წინააღმდეგობაზე, მაგრამ ჩვენ მადლიერები ვართ იმის, რომ არ ცდილობენ პროცესების ხელში აღებას, რადგან გააფუჭებენ ყველაფერს. ახლა ყველაზე ჭკვიანური რაც ოპოზიციამ შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ იყოს ჩუმად , – ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც მენაბდემ აღნიშნა, წინააღმდეგობის პროცესში საზოგადოებამ ოპოზიციას ლიდერობა არ ანდო, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარ თავს და ამბიციებს წარმოადგენენ.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები არავის წარმოადგენენ, რადგან მათ არ ჰყავთ დასაყრდენი ჯგუფი, რომლის ინტერესებსაც დაიცავენ.
„ოპოზიცია არის წინააღმდეგობის სუსტი რგოლი. ერთის მხრივ, არსებობს წინააღმდეგობა და რეჟიმი, რომლებიც ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. ოპოზიცია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების ავანგარდში, რადგან პოლიტიკური პარტია არის ყველაზე ეფექტური იარაღი ინტერესთა ჯგუფებისთვის. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური პარტიები ასე არ არის მოწყობილი, ისინი არავის წარმოადგენენ. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არ ჰყავთ დასაყრდენი რაღაც ჯგუფი, რომლის ინტერესებსაც ისინი დაიცავენ. მაშინ რას აკეთებენ ისინი?- ისინი წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარ თავს და ამბიციებს. ამიტომ ამ მნიშვნელოვან პროცესში, როგორშიც დღეს ვართ, ქართველმა ხალხმა ოპოზიციას ლიდერობა არ ანდო.
არჩევნებიდან იმ თარიღამდე [28 ნოემბერი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აჩერებს] დროის თვალსაზრისით არსებობდა სივრცე, სადაც ოპოზიციური პარტიების იყო ბურთი და მოედანი. თუ რამის გაკეთება შეეძლოთ, მაშინ შეეძლოთ გაეკეთებინათ. რაღაცები სცადეს, მაგრამ დავინახეთ, რომ არ გაუვიდათ, რადგან ხალხი არ გაჰყვა მათ.
ამის შემდგომ ვნახეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობა, რამაც წარმოშვა ქართულ საზოგადოებაში სტიქიური წინააღმდეგობა, ამის შემდეგ ოპოზიციისთვის ნათელი გახდა, რომ ამ პროცესში მისი ადგილი არის რიგით მოქალაქედ მონაწილეობა ან დამკვირვებლობა.
ოპოზიციამ იცის, რომ ამ პროცესის ავანგარდში ვერ ჩადგებიან, საქმეს გააფუჭებენ და ლომის ხახაში თავად აღმოჩნდებიან და ჩვენც თან გაგვიყოლებენ. იმის გონიერება ჰყოფნით, რომ ეს არ გააკეთონ. ისინი ელოდებიან, რომ თუ წინააღმდეგობა გაიმარჯვებს, არჩევნები დაინიშნება. ოპოზიცია ახლა პარაზიტობს ამ სახალხო წინააღმდეგობაზე, მაგრამ ჩვენ მადლიერები ვართ იმის, რომ არ ცდილობენ პროცესების ხელში აღებას, რადგან გააფუჭებენ ყველაფერს. ახლა ყველაზე ჭკვიანური რაც ოპოზიციამ შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ იყოს ჩუმად. რამდენჯერმე მაინც გაექცათ, ნებისყოფა არ ეყოთ“,- განაცხადა მენაბდემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილები განპირობებული იყო იმითაც, რომ თუ ვინ წარმოედგინათ მათ ოპონენტად, მისი თქმით, სწორედ ამიტომ „ბედავდა ამდენს“.
„ქართული ოცნება“ აქამდე ამდენს რომ ბედავდა, რა თქმა უნდა, იყო იმის დამსახურება თუ ვინ წარმოედგინათ მათ ოპონენტად. ოპონენტად წარმოედგინათ ის ოპოზიციური სპექტრი, რასაც ოპოზიციას ვუწოდებთ. „ოცნებისთვის“ გასაგები იყო, რომ არ იყო გადაუჭრელი ამოცანა მათთან გამკლავება.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოგვპარა და ვერ შეძლო ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებშიც კი პატიოსანი გამარჯვება მოეპოვებინა. რაც შეეხება ბოლო ცვლილებებს, ეს სიმკაცრე, რის გამოჩენასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს გვაჩვენებს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ ეფექტურად გაუმკლავდნენ დღეს არსებულ წინააღმდეგობას”, – განაცხადა მენაბდემ.
