ვახტანგ VI სტამბის 1710 წელს დაბეჭდილი „ჟამნის“ რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები დასრულდა

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დასრულდა ვახტანგ VI სტამბის კიდევ ერთი გამოცემის, 1710 წელს დაბეჭდილი „ჟამნის“ რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები.
გამოცემა უნიკალურია არაერთი მახასიათებლით – მას ერთვის მეფე ვახტანგ VI პორტრეტი (რამდენიმე ვერსიიდან ერთ-ერთი), ბაგრატიონთა გერბი, აქვს მოჩითული ფორზაცი.
ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების უფროსი ნატალია ელიზბარაშვილი: „წიგნის რესტავრაციის პროცესს ახლავს მთელი რიგი სირთულეები. მართალია, 1710 წელს გამოცემული „ჟამნის“ შემთხვევაში ქიმიური დამუშავება არ იყო საჭირო, მაგრამ აღსადგენი იყო ტყავის ყდა, ფორზაცი, ფურცლები, ბლოკი, კაპტალი. ფურცლები დაზიანებული იყო სიძველის გამოც და მექანიკურადაც. ფურცლის რესტავრაციას ართულებდა ის, რომ სტრუქტურა იშლებოდა (იფშვნებოდა). ამიტომ გამოცემის თითოეული ფურცელი აღდგა ორმხრივი კონსერვაციით. ტყავის ყდაც დაზიანებული იყო ბუნებრივადაც (სიძველის გამო) და მექანიკურადაც. დაზიანებები სრულად აღმოიფხვრა, გავამკვეთრეთ ტყავზე ამოტვიფრული ორნამენტები. სპეციფიკური დამუშავება დასჭირდა დაზიანებულ და დაჟანგულ მოჩითულ ფორზაცს. საჭირო გახდა მისი სხვა ქაღალდით შევსება და ტონირება, რაც წარმატებით გაკეთდა. წიგნის ყუა ბლოკთან კანაფის თოკით იყო დაკავშირებული. თოკი მოიხსნა და ტყავი სრულად აღდგა. წიგნის კაპტალი, რომელიც საერთოდ არ იყო შენარჩუნებული, მოვქსოვეთ იმ ტექნოლოგიით, როგორც თავის დროზე გაკეთდა, ძაფის ფერიც კი იგივე შენარჩუნდა და დამაგრდა ყუაზე. 1710 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი „ჟამნი“ ისეთი ფორმითა და ტექნოლოგიითაა აღდგენილი, გარეგანი სახე და შიდა ფურცლები არასდროს დაირღვევა. მით უმეტეს, რომ ჩვენს იშვიათ გამოცემათა საცავსა და წიგნის მუზეუმში მსგავსი გამოცემების შესანახად საუკეთესო პირობებია (დაცვა, კლიმატკონტროლი და ა.შ.) შექმნილი“.
გთავაზობთ გამოცემის როგორც აღდგენილი ვერსიის, ისე აღდგენამდელ ფოტოებს.
📷 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით