4 ოქტომბერს არ იყო ხალხის იმ რაოდენობის მასა. ეს არ არის ის მასობრივი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, რომ დათმობაზე წავიდეს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ხმალაძის თქმით, მას არ აქვს განცდა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვლება.
„ხელისუფლების ცვლილება, ჩვეულებრივ, ხდება სამი გზით – ეს არის ან არჩევნები ან რევოლუცია ან სამხედრო გადატრიალება, როდესაც სამხედროები ერთვებიან საქმეში, პოლიტიკოსებს არაფერს ეკითხებიან და თვითონ იღებენ ხელში ძალაუფლებას.
ჩვენთან ამის ალბათობას, თუნდაც მცირედს, ვერ ვხედავ. ესე იგი, დარჩა რევოლუცია და არჩევნები. რევოლუცია შეიძლება იყოს ან სისხლიანი ან უსისხლო. რევოლუცია მაშინ ხდება, როდესაც ხელისუფლებაში მყოფნი და ხელისუფლების ოპოზიციონერები ვერ ახერხებენ ერთ მაგიდასთან დასხდომას და რაიმე საკითხზე შეთანხმების მიღწევას. ეს პირველ რიგში შეიძლება იყოს შეთანხმება თავისუფალი არჩევნების თაობაზე. თუ ამაზე არ მიდიან, მაშინ ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს ხელისუფლების, ფაქტობრივად, რევოლუციური დათმობა, ოღონდ ამას თავისი წინაპირობები სჭირდება. დღესდღეობით, მე სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამას. ამას, პირველ რიგში, სჭირდება მასობრივი პროტესტი. 4 ოქტომბერს არ იყო ხალხის იმ რაოდენობის მასა. ეს არ არის ის მასობრივი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, რომ დათმობაზე წავიდეს. არადა როცა ვამბობთ არჩევნებს, არჩევნები თავისუფალ პირობებში უნდა გაიმართოს და მაშინ აქვს ამას აზრი.
უახლოეს მომავალში რომ რაიმე რადიკალურად შეიცვალოს, მე ამის განცდა არ მაქვს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ამასთან, ხმალაძემ ისაუბრა ცვლილებებზე, რის საფუძველზეც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
„კონსტიტუციაში სიტყვა სიტყვით წერია, რომ აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანიც არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. კონსტიტუციური წყობილების დამხობაზე ან ძალადობით შეცვლაზეა საუბარი და არა ხელისუფლების შეცვლაზე, ეს სხვადასხვა რამეა. ჩვენი კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციის თანახმად, არის დემოკრატიული რესპუბლიკა და უფრო კონკრეტულად, საპარლამენტო რესპუბლიკა. აი, ამის დამხობა ან ძალადობით შეცვლა არის აკრძალული და არა ხელისუფლების.
მე არ ვიცი არცერთი პარტია საქართველოში, რომელსაც თავის წესდებაში ეწეროს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა ან რომელიმე ეცადოს ამის გაკეთებას, ამიტომ აქ პრობლემა არის იმაში, თუ როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო ამ ნორმას ანუ თუ კონსტიტუცია იტყვის, რომ იკრძალება არა კონსტიტუციური წყობილების შეცვლა, არამედ ხელისუფლების შეცვლა“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
