გარკვეულწილად, ფასადს ცვლიან და რეალურად, ახალ ეტაპზე გადადიან – ერთ-ერთი ვარიანტია, რომ კობახიძემ დამოუკიდებელი თამაში არ მოინდომოს და თუ მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მისი კონტროლი იქნება, იქით არ მიაკითხოს ივანიშვილს – ამ საფრთხეს ივანიშვილი იმით აკომპენსირებს, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა მისია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ზვიად ხარაზიშვილის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა.
როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, „იწყება გარკვეული კადრების გვერდზე გაწევა, რომლებიც პირდაპირ თუ პროპაგანდისტულად დაკავშირებულები იყვნენ იმ ურთულეს პერიოდთან, რაც გამოვიარეთ“.
„კობახიძის გაპრემიერებისა და იმ ცვლილებების შემდეგ, რაც თუნდაც შსს-ში გომელაურის გაშვებით განხორციელდა, იწყება გარკვეული კადრების გვერდზე გაწევა, რომლებიც პირდაპირ თუ პროპაგანდისტულად, როგორც გნებავთ, დაკავშირებულები იყვნენ იმ ურთულეს პერიოდთან, რაც გამოვიარეთ, თუნდაც იანვრიდან დღემდე. ვგულისხმობ დარბევებს და იმ სისასტიკეს, რომელსაც ჩადიოდა ეს ხალხი. ამით, გარკვეულწილად, ფასადს ცვლიან და რეალურად, როგორც ჩანს, ახალ ეტაპზე გადადიან. არ მგონია, რომ მხოლოდ კობახიძე და შს მინისტრი იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილი დღეს არის საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც უსიტყვოდ უჭერს მხარს. აქ ხიფათი ისაა, რომ კობახიძემ არ მოინდომოს დამოუკიდებელი თამაში და თუ მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე იქნება მისი კონტროლი, იქით არ მიაკითხოს ივანიშვილს. ეს ერთ-ერთი ვარიანტია. ეს საფრთხე აქვს ივანიშვილს. ეს ვარიანტი თუ არ არის, მაშინ აბა, რა მნიშვნელობა აქვს. ცუდი, სახელგატეხილი ხალხი გადადო გვერდზე და მოიყვანა ახალი ხალხი, რა პრობლემაა. გაასუფთავა ფასადი, გაწმინდა. ის საფრთხე იქაა, მაგრამ ამ საფრთხეს აკომპენსირებს იმით, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ივანიშვილისაა და თუ მოუნდება, ერთ დღეში გადაანაცვლებს მთელს მთავრობას“, – განაცხადა ძაბირაძემ.
გარდა ამისა, პოლიტოლოგმა ისაუბრა მთავრობის მიერ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურის წარდგენაზეც და აღნიშნა, რომ „თუ აქ პოლიტიკა არ შეიცვალა, ტალეირანიც კი ვერაფერს გააკეთებდა ამერიკასთან მიმართებით“.
„ტალიაშვილი კი არა, ტალეირანი რომ გააცოცხლონ და ის გაუშვან ელჩად, თუ აქ პოლიტიკა არ შეიცვალა, ისიც ამერიკასთან მიმართებით ვერაფერს გააკეთებს. აქ პერსონებზე არაა საქმე, საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, როგორც ამერიკის, ისე ზოგადად, დასავლეთის მიმართ. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს შეიცვლება“,- აღნიშნა ძაბირაძემ.
ამასთან, ძაბირაძე გამოეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებასაც, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებასა და მასზე ზეწოლაზე საუბრობს. ძაბირაძის თქმით, „ეს არის შეტევა ოპოზიციურ პარტიაზე“.
„მოულოდნელი არაფერია. ავტორიტარული რეჟიმები მარტო კანონმდებლობის შეცვლით არ მყარდება. საზოგადოებაში შიშის ფაქტორი უნდა გაჩნდეს. შიშის ფაქტორის დანერგვას სწორედ ასეთი მექანიზმები თუ პროცესები უწყობს ხელს. ისტორიული გამოცდილება გვაქვს, როგორ იყო მაგალითად, გასული საუკუნის 30-იანი წლებში დაპატიმრებები, შუაღამით ხმაური და ა.შ. ეს იყო ეროვნული მოძრაობის დროსაც კი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ხელისუფლება ცდილობს, არამარტო კანონმდებლობის შეზღუდვით მიიღოს რაღაც რეპრესიული მოდელი, მას აუცილებლად სჭირდება შიშის ფაქტორის გაძლიერება.
როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ერთი რამაა – დღევანდელ სიტუაციაში ვის რა ამოცანა უდგას წინ. არა მგონია, რომ ამ ეპიზოდის [უტა ივანიშვილის შესახებ კოტე იოსელიანის მიერ წლების წინ გაკეთებული განცხადების] გახსენებით ივანიშვილს რაიმე ჩრდილი ისევ მიადგა ან არა. მე უფრო მგონია, რომ ეს არის შეტევა ოპოზიციურ პარტიაზე თუ ეს ისე განხორციელდა, როგორც ბოკუჩავა საუბრობს. ეს არის პროპაგანდისტული სვლა იმისკენ, რომ უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს პოლიტიკური ოპოზიცია და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“. თინა ბოკუჩავა არის პარტიის თავმჯდომარე და მისი მეუღლის მხრიდან იმის გაჟღერება, რაც 8 წლის წინ იყო, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ზოგადად, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შორის. მგონი, ესაა ძირითადი მიზეზი, რატომაც ეს გაკეთდა, რატომაც ის კადრები გავიდა, რაც გავიდა. არ ვიცი, მოიტაცეს, არ მოიტაცეს..“,- აღნიშნა ძაბირაძემ.
ძაბირაძის თქმითვე, „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება, თავად, პერსონალურად ბოკუჩავა თავის ტკივილს წარმოადგენდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად წარმოადგენს“.
გარდა ზემოაღნიშნული თემებისა, ძაბირაძემ ასევე, ისაუბრა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გუშინ, სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავში, რითაც ბაჩიაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს, სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. ძაბირაძის თქმით, ბაჩიაშვილი ამ შემთხვევაში, „შეეხო არა იმდენად ფინანსებს, არამედ უძლეველობის მითს, რომ ვიღაცამ გაბედა და ივანიშვილს ფული „აახია“.
„გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა თუ რეალურად შევხედავთ თემას, ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ის, რომ ბაჩიაშვილი სადღაც ნეიტრალურ, მწვანე ზონაში დასეირნობდა და იქ დააპატიმრეს, ღიმილის მომგვრელია. არ ვიცი, ოხანაშვილი იყო თუ არა თვითმფრინავში, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მოტაცება მოხდა სხვა სახელმწიფოდან.
ბაჩიაშვილი შეეხო არა იმდენად ამ შემთხვევაში, ფინანსებს, არამედ უძლეველობის მითს, რომ ვიღაცამ გაბედა და ივანიშვილს ფული, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის და „აახია“. ფულზე კი არაა იმდენად საქმე, არამედ ავტორიტეტზე. არავის ეპატიება ამ ღმერთკაცთან რაღაცნაირი შეპაექრება და მით უმეტეს, მისი გამაიმუნება. ეს იყო, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი და არა ის მილიონები. რა თქმა უნდა, მილიონებიც საინტერესო თემაა, მაგრამ მოტივი, რომ ყველგან მოგწვდებით ეს უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ცხადი და ცნობილი. ვერსად ვერ დაემალებით ივანიშვილს“, – განაცხადა ძაბირაძემ.
