ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილი წინასწარ ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ექნება უმრავლესობა, რათა მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით წარადგინონ

ვფიქრობ, რომ წინასწარ ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას იმ შემთხვევაში, თუ [არჩევნების შემდეგ] ოპოზიციას ექნება უმრავლესობა, რათა მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით წარადგინონ, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.
როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღევანდელი პროცესისთვის უფრო მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილი დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე, ვიდრე გადადგეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
„სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მოხარული იქნება თუ ახალგაზრდების რჩეული პრეზიდენტი იქნება. ამ განცხადებაში საუბარი იმაზე, რომ ის დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მგონი ამას არ გულისხმობდა. უბრალოდ არის ასეთი ვარიანტი – არჩევნების შემდეგ, ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ არჩევნების შემდეგ თუ ისინი უმრავლესობაში მოვლენ, პრეზიდენტობის მათი კანდიდატი იქნება ისევ ზურაბიშვილი, მეორე ვადით. ახლა ხომ პირდაპირი არჩევნები არ ტარდება. რაც შეეხება ამ განცხადებას, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასწარ ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას. ვფიქრობ ამას გულისხმობდა და არა რაიმე სხვას, მითუმეტეს, პოლიტიკური პარტიის შექმნას და არჩევნებში მონაწილეობას. მგონია, რომ ზურაბიშვილის დღევანდელი პოზიცია და პროცესი, რომელიც ახლა ვითარდება, ამისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ზურაბიშვილი დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე, ვიდრე გადადგეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. თუ ამას აპირებდა, ადრე უნდა გაკეთებინა, ახლა უკვე ეს პროცესი საკმაოდ გვიანია. არ მგონია, რომ სწორი იყოს ასეთი გადაწყვეტილების მიღება. საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას და ფორმირებას ცდილობს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციას ექნება უმრავლესობა, რომ მისი კანდიდატურა იყოს წარდგენილი პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს