რეგიონულ პოლიტიკურ ველზე რაღაც თუ შეიცვლება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა. მან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგები შეაფასა. ყოლბაიას განცხადებით, „აშკარად ანტირუსული პოლიტიკა ვერ განხორციელდება, რადგან აფხაზური მხარე ყველა შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მათი უსაფრთხოების, ე.წ. სახელმწიფოებრიობის, ე.წ. სუვერენიტეტის გარანტი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი“.
„ხანდახან საქართველოს მიმართ მზერა არ არის ის, რაც რეალურად, გადაწყვეტს მათ ჩვენდამი მობრუნებას. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან „მოგუდული“ დამოკიდებულება უნდა გამოვხატოთ. იმაზე მეტს, რაც გაკეთდა, ვერ გავაკეთებთ, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ. ვინც არ უნდა მოვიდეს, მასთან უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას არცერთ ე.წ. წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ ჰქონია. შეიძლება ამ რეჟიმით ვეცადოთ, რომ ე.წ. ახალი შემადგენლობა, რომელიც ახლა მოვა, მასთან გავშალოთ დიალოგი, რომელიც რეალურად, პოლიტიკურ ველზე გამოგვადგება. რეგიონულ პოლიტიკურ ველზე რაღაც თუ შეიცვლება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.
მისი განცხადებით, ე.წ. არჩევნებში პრაქტიკულად, რუსეთის კანდიდატურამ კრახი განიცადა.
„პრაქტიკულად, ხალხმა უარი თქვა იმაზე, რასაც აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკა ჰქვია. უარი თქვა ბინებზე, მიწების გასხვისებაზე, სამხედრო ნაწილების განლაგებაზე. იმ პოლიტიკაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ან განხორციელება უნდა. ხალხის განწყობა აშკარად არის იმის წინააღმდეგ, რასაც რუსული მხარე ვარაუდობდა. რა შედეგიც არ უნდა დადგეს, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობისადმი დამოკიდებულება შემსუბუქდეს და უფრო ლმობიერი გახდეს. ბადრა გუნბა მოვა თუ ადგურ არძინბა, არიქა, ქართველებო თქვენთან მოვდივართ და ყველაფერი დაგვახვედრეთ, რაც სასარგებლოაო, ამის მოლოდინი არ მაქვს“,-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ცნობისთვის, 15 თებერვალს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთმა „კანდიდატმა“ მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.
