„გირჩის“ დეპუტატს ვახტანგ მეგრელიშვილს არ სჯერა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ არის დაპირისპირებული. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ გააკეთა.
როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ზურაბიშვილს წლების განმავლობაში, გარდა სიტყვიერი დაპირისპირებისა, პრაქტიკულად არ დაუმტკიცებია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებულია.
„პრეზიდენტს „ქართულ ოცნებასთან“ სიტყვიერის გარდა, მას შემდეგ რაც დაუპირისპირდა მის ამრჩევ პოლიტიკურ ძალას, ამ ძალის საწინააღმდეგო პრაქტიკული ნაბიჯები არაფერი აქვს გადადგმული. სიტყვიერის გარდა, ეს შეიძლება საქმეც იყოს, როდესაც ბერკეტი აქვს.
ერთია, რასაც საჯარო სივრცეში ვავრცელებთ, მეორეა, კულისებს მიღმა რა ხდება. ჩვენ ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ. არ ვუყურებთ ისე, რომ პრეზიდენტი მართლა დაპირისპირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამ წლების განმავლობაში ზურაბიშვილს ჩვენთვის ეს არ დაუმტკიცებია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურვილი რომ ჰქონოდა პრეზიდენტის გადაყენების, გადააყენებდა.
„იმპიჩმენტი, რომელიც ნულოვანი შედეგით დასრულდა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტი მოუწყო, ვერ გადააყენეს. წარმოგიდგენიათ, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად რომ სდომებოდა პრეზიდენტის გადაყენება, იმ ოპოზიციიდან, რომელიც პარლამენტში ჰყავდა, ვერ იყიდდა შესაბამის ხმებს?- არ მჯერა ამის“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.
გარდა ამისა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება, ბიძინა ივანიშვილს მეორე მთავრობა ჰყავს მომზადებული, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დანიშნავს.
„როდის იქნება ბიძინა ივანიშვილი ბედნიერი?! როდესაც „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და მთავრობას დააკომპლექტებს. თუ ვერ მოიგებს, მაშინ რა ხდება? – მაშინ ხდება ასეთი რამ: ბიძინა ივანიშვილს მეორე მთავრობა ჰყავს გამზადებული სალომე ზურაბიშვილის ხელით, რომელიც შეიძლება დანიშნოს, თუ ამას ოპოზიცია დათანხმდება. ეს იქნება ივანიშვილის მეორე ვარიანტი, რომ კვლავ თავისი მთავრობა იყოს, ოღონდ სხვა გზით“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.
გარდა ამისა, დეპუტატმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრები და „ქართული ქარტია“ შეაფასა.
„პრეზიდენტთან შეხვედრები, პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და ა.შ. წინასაარჩევნოდ ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელია. ვერ წარმომიდგენია პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახლა იქნება დასახელებული, როგორ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური ფიგურა.
ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც „ქართულ ქარტიას“ არ შეუერთდა. გიორგი გახარია იყო დარჩენილი და მანაც ხელი მოაწერა ბოლოს. გარდა იმისა, რომ ეს არის შეუთანხმებელი დოკუმენტი, შიგნით ისეთი რაღაცები წერია, რაზეც შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გვქონდეს. მთავარი არის ის, რომ გამარჯვებულ ოპოზიციას მთავრობას პრეზიდენტი სთავაზობს. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ არა მარტო პრემიერ-მინისტრის დანიშვნას აპირებს, არამედ მთელი მთავრობის, ფაქტობრივად, ამაზე თანახმა იყვნენ ოპოზიციური პარტიები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა არ არიან თანახმა.
ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და ამომრჩეველმა არ იცის თუ ვისზეა საუბარი, ფაქტობრივად, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს ცოტა ხნის წინ აარჩევინა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.