ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით – აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს და დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ ნამდვილად, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებებზე.
გომელაურის თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველამ ნახა სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებული სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას.
„მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველამ ვნახეთ სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებულები სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 15 და 16 აპრილს აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.
ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ როდესაც, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს. ეს ტელევიზიებშიც კარგად ჩანდა. ნუ ნერვიულობთ და ნუ ღიზიანდებით. ჩართეთ ტელევიზია, ასევე ოპოზიციური ტელევიზიები და ნახავთ. პირდაპირ ეთერში ჩანს ძალიან კარგად.
ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დავაკავეთ 40 პირი. პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით, როდესაც სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს და დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ ნამდვილად. ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი ნამდვილად, დამერწმუნეთ, თუმცა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურის ამ განცხადებას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, მათ შორის სალომე სამადაშვილისა და თინა ბოკუჩავას მხრიდან ხმაური მოჰყვა. მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაფრთხილება მისცა, რომ მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შემდეგ ჯერზე დარბაზს დაატოვებინებდა.
„ქალბატონო სალომე, ქალბატონო თინა, გთხოვთ, გაჩერდეთ. მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ. მოგცემთ შენიშვნას, იცოდეთ. ნუ საუბრობთ მიკროფონის გარეშე. ქალბატონო სალომე, გაძლევთ შენიშვნა,ს მიკროფონის გარეშე საუბრისთვის,. შენიშვნა გაქვთ მიცემული. იცოდეთ, შემდეგ ჯერზე დაგატოვებინებთ. ქალბატონო თინა, შენიშვნას გაძლევთ მიკროფონის გარეშე საუბრისთვის. ქალბატონო თინა, დაგატოვებინებთ დარბაზს, იცოდეთ. გაძლევთ შენიშვნას…მოკლედ, ვატყობ, რომ ახლა, მომიწევს გადაწყვეტილების მიღება და დაგატოვებინებთ დარბაზს. ქალბატონო თინა, ქალბატონო თინა! აი, არ ვიცი, გაფრთხილების მიცემაც კი. ქალბატონო თინა, დაგატოვებინებთ დარბაზს, იცოდეთ. ჩამოყალიბდით, ან გინდათ ინტერპელაციის პროცესში მონაწილეობა ან დარბაზს დაგატოვებინებთ. პრობლემა არ არის და ვისაც აქვს ინტერესი, მოისმენს”, -მიმართა დეპუტატებს პაპუაშვილმა.