“ვაჭრობა გაგვიორმაგდა, ვაპირებთ გაფართოებას” – პიცერია “ნაპოლი”

ნეაპოლიტანური პიცერია “ნაპოლის” გაყიდვები გაორმაგდა. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში პიცერიის დამფუძნებელმა, მამუკა კილაძემ აღნიშნა, ზრდა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით საგრძნობი იყო და ვაჭრობა საშუალოდ თვეში 250 000 ლარს აღწევდა.
“საკმაოდ კარგი შედეგებით დავასრულეთ 2024 წელი. ჩვენი გუნდიდან გამომდინარე, პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, დრო გავიდა და გავიზარდეთ, ამიტომ ვაჭრობის მაჩვენებლები 2024 წელს თითქმის გაორმაგდა. შედარებისთვის, თუ 2023 წელს საშუალო თვიური გაყიდვები 100 000-120 000 ლარი იყო, 2024 წლისთვის თვიურად ვაჭრობა 240 000-250 000 ლარამდე გაიზარდა”, – აღნიშნა მამუკა კილაძემ bm.ge-სთან საუბრისას.
როგორც ის ამბობს, სამი წლის წინ გახსნილი “ნაპოლის” გაფართოების გეგმაზე მუშაობას წელს აქტიურად იგეგმება. დამფუძნებელი როგორც ახალი ობიექტის, ასევე არსებულის გაფართოებას აპირებს.
“ახალი ფილიალის გახსნაზე მუშაობა სექტემბრისთვის გვინდა დავიწყოთ. მანამდე საბურთალოზე არსებულ ობიექტს ვაფართოებთ. ახლა 50 სკამი გვაქვს, თუმცა ხშირად არის როცა სტუმარი მოდის და ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს. ამიტომ მალე კიდევ 30 სკამს დავამატებთ. თუმცა “ნაპოლიში” ფოკუსი გვაქვს ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე”, – აღნიშნა მამუკა კილაძემ და დასძინა, რომ მუდმივად ვითარდება “ნაპოლის” მენიუც.
მისივე თქმით, თავიდან პიცის მხოლოდ სამი სახეობა იყო მენიუში, ახლა უკვე 18 სახეობაა. ამას გარდა, “ნაპოლიში” სტუმრებს აპეტაიზერების, სენდვიჩების, პასტების, სალათების, ლაზანიეს, დესერტების და სხვა ნეაპოლიტანური კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ “ნაპოლი” ამჟამად 30 ადამიანს ასაქმებს, თუმცა მამუკა კილაძე პროფესიონალი კადრების დეფიციტს გამოწვევად ასახელებს და გამოსავლად ახალგაზრდა კადრების გადამზადება მიაჩნია.
“ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაქვს და ახალგაზრდა კადრებზე ვაკეთებთ აქცენტს. ამყავს ახალგაზრდები, რომლებმაც არაფერი არ იციან, ვცდილობ, მათ ვასწავლო. ყველაზე კარგი გზა ესაა. ამასთან, იტალიაში დავდივარ მასტერკლასებზე. მარტშიც ვგეგმავ 4-კვირიან კურსზე ფლორენციაში ჩასვლას. ვცდილობ ნოუ-ჰაუს ჩამოტანას და მერე აქ დაინტერესებულ ადამიანებს ვუზიარებ კიდეც. დაინტერესებულ სტუმარსაც კი ვუმხელ რეცეპტებს”, – აღნიშნავს კილაძე.
ცნობისთვის, “ნაპოლის” პიცერია თბილისში ზუსტად სამი წლის წინ გაიხსნა. დამფუძნებელს ამ დრომდე ობიექტის გაფართოებასა და გაუმჯობესებაში დაახლოებით 230 000 დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. მამუკა კილაძე თავად “ნაპოლის” გარდა, ახალი პურ-ფუნთუშეულის საცხობისა და მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.