ვაშინგტონის ცენტრში, ებრაული მუზეუმის მახლობლად მოკლეს ისრაელის საელჩოს თანამშრომლები, ქალი და მამაკაცი. თავდასხმა ადგილობრივი დროით 21 მაისის საღამოს ცხრა საათისთვის მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ისრაელის საელჩოს თანამშრომლები ებრაულ მუზეუმში გამართული ღონისძიებიდან ბრუნდებოდნენ. საელჩოს ინფორმაციით, წყვილს თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან ესროლა. ისრაელის ელჩის, იეხიელ ლეიტერის თქმით, მოკლული თანამშრომლები მალე დაქორწინებას აპირებდნენ.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი 30 წლის ჩიკაგოელი ელიას როდრიგესია, რომელმაც დაკავებისას იყვირა: „გაათავისუფლეთ პალესტინა“.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ვაშინგტონის ოფისის დირექტორის მოადგილის, სტივ ჯენსენის განცხადებით, შეამოწმებენ დაკავებულის შესაძლო კავშირს ტერორიზმთან.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ვაშინგტონში, საელჩოს თანამშრომლების მკვლელობას „ტერორისტული შეტევა” უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში მუდმივად მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მკვლელობა ანტისემიტიზმის ნიადაგზე მოხდა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დონალდ ტრამპის თანახმად, აშშ-ში სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
· თავდასხმის პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
ფორუმი
