ვასო ურუშაძე – პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქართველო გამოყენებულია რუსებისთვის სანქციების ასარიდებლად

პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქართველო გამოყენებულია რუსებისთვის სანქციების ასარიდებლად. სქემა მარტივი იყო – დან შემოსული შავი ფული ყალბი დოკუმენტებით თეთრდებოდა, ყიდულობდნენ ევროსა და დოლარს და ფიქტიური ქართული კომპანიებით ევროპულ ბანკებში რიცხავდნენ, რათა რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქცია ისევ საქართველოს გავლით დაბრუნებულიყო მის ბაზარზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
მისივე თქმით, „ამ თაღლითური სქემით არც ქვეყნის ეკონომიკა განვითარებულა და არც ახალი სამუშაო ადგილები შექმნილა“.
„წლებია ვსაუბრობთ და ვაქვეყნებთ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ საქართველო გამოყენებულია რუსეთზე დაწესებული დასავლური სანქციებისგან თავის ასარიდებელ მესამე ქვეყნად. დღეს საქართველოს პროკურატურამ ეს დაადასტურა, სქემა მარტივია, სავარაუდოდ რუსეთიდან შემოდიოდა „შავი ფული“ „ქეშის“ სახით, რუსული რუბლი, ყალბი წარმომავლობის დოკუმენტების გამოყენებით ხდებოდა ამ ფულის გათეთრება, ევროსა და დოლარის შეძენა და ქართული, ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ევროპის ბანკებში გადარიცხვა, სხვადასხვა, რუსეთის ბაზრისთვის სანქცირებული პროდუქციის შესაძენად, რომელიც ისევ საქართველოს გავლით ხვდებოდა რუსეთის ბაზარზე.
ამ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის მფარველობის სანაცვლოდ აუცილებლად გამდიდრდებოდნენ რიგი ჩინოვნიკები, რთული გამოსაცნობი არ არის ვის ექნებოდა ასეთი გავლენა, 2022-2024 წლებში. სავარაუდოდ სქემა დღესაც მუშაობს, ახალი მფარველებითა და სხვა „ბიზნეს“ სუბიექტებით, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით გიამბობთ.
ფაქტია, ამ თაღლითური სქემით არც ქვეყნის ეკონომიკა განვითარებულა და არც ახალი სამუშაო ადგილები შექმნილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამდიდრებულ ჩინოვნიკს და მათ ოჯახის წევრებს“, – წერს ვასო ურუშაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში დაკავებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – 2020 წელს კახა კალაძე დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი, 5 წლის შემდეგ იპოდრომი გახრიოკებულია – უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე – არჩევანი ნათელია