ვარლამ გოლეთიანი – პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, იქნებ მოვახერხოთ გაერთიანება იმდენად, რომ სამართლიანი ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ

პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, – ამის შესახებ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 18 ნოემბერს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობდა.
გოლეთიანის თქმით, გუშინ შეეცადნენ, „დაშინების მეთოდით“ პროტესტის განეიტრალებას, თუმცა უკან არ დაიხევენ.
„გუშინდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისი, როცა ხელისუფლებას, სამინისტროს, პოლიციას, ყველას ერთად, არგუმენტი არ აქვს, როგორ მოქმედებს – პოლიციას ფარად იფარებს უსამართლობის დასაცავად. ნახეთ, რამდენად აგრესიულები იყვნენ. მე პირადად და სხვებსაც ბრალში გვიწერია, თითქოს ჩვენ ვაგინებდით პოლიციას, პროცესი შებრუნებულია – პირიქით ხდებოდა ეს ყველაფერი. ვნახეთ დაკავების მომენტი, რამდენად აგრესიული იყო: მანქანაში ჩატენვა და ყველა კომპონენტი. ესეც ვფიქრობთ დაშინების მეთოდი და მცდელობაა, რომ მიმდინარე პროტესტი განეიტრალდეს.
მიმდინარე პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, დავბრუნდებით ჩვენ პროტესტის ადგილზე. ერთი სათხოვარი მაქვს საზოგადოებისთვის, იქნებ მოვახერხოთ გაერთიანება იმდენად, რომ ეს სამართლიანი ბრძოლა და პროტესტი ბოლომდე მივიყვანოთ. ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, იმ მაგალითის სახით, რაც გუშინ და დღეს ხდება, რომ ჩაახშოს პოლიციური მიდგომით სამართლიანი პროცესი, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. ჩვენი კანონიერი უფლებაა, რომ კარავი დავდგათ, კანონში პირდაპირ წერია, ამის აკრძალვის უფლება არავის აქვს, არათუ კარვის დადგმაზე, ზოგადად მოთხოვნაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გოლეთიანმა და დასძინა, რომ „გადმოსული არიან ხელების გადაგრეხაზე, რადგან სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი დანახვა არ სიამოვნებთ“.
გოლეთიანის თქმით, პროტესტის მონაწილეების მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია და ყოველთვის კანონის ფარგლებში მოქმედებენ.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მეორე დღეა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 – წლიანი ლიცენზია.
საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოალიციურ პარტნიორებს – ასევე, საქართველოს პრეზიდენტს იმ ბრძოლისთვის, ლიდერობისთვის, დროშისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველოს დროშა ევროპაში