ვარკეთილში ახალი აუზი “ტერასა ნამი” გაიხსნა – ინვესტიცია ₾120 000

თბილისის ზღვიდან 300 მეტრში, ვარკეთილის მეურნეობაში, ახალი დასასვენებელი ობიექტი “ტერასა ნამი” გაიხსნა, რომელიც ღია აუზსა და ბუნგალოს მოიცავს და, რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, წვეულებების გამართვის საშუალებასაც იძლევა.
როგორც ობიექტის დამფუძნებელი, არჩილ მინდიაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, “ტერასა ნამის” მშენებლობა შარშან ზაფხულს დასრულდა, თუმცა, უამინდობის გამო, ობიექტმა მხოლოდ 4 კვირას იფუნქციონირა.
“აუზზე ერთჯერადი ვიზიტი 35 ლარია, 16 წლამდე მოზარდებისთვის – 25 ლარი, 6 წლამდე ბავშვებისთვის კი უფასოა. ამ საფასურში შედის ყველაფერი – შეზლონგის ქირაობა, 0.5L წყალი და ფინჯანი ყავაც.
აუზი 7X9-ზეა, 2მ სიღრმის და 1.6მ დაქანების, დიაგონალზე – 11მ – იდეალურია წყალი როგორც ცურვისთვის, ასევე რუჯისთვის, აყენია საუკეთესო აპარატურა.
შარშან ღირებულება სხვანაირი იყო, ერთჯერადი ვიზიტი 15-25 ლარის ფარგლებში ღირდა, თუმცა მუშაობა საერთოდ არ იყო, უამინდობაც დაემთხვა. ახლაც სრულიად ამინდებზე ვართ დამოკიდებული, თორემ შარშან, იმ 4 კვირაში, თუ ვინმე იყო მოსული, აბსოლუტურად ყველა დაბრუნდა მეორედაც”, – ამბობს მირიან მინდიაშვილი.
დამფუძნებლის განმარტებით, აუზზე ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია, რადგან სივრცე 15-20 ადამიანზეა გათვლილი, ჯავშნების შემდეგ კი ახალი სტუმრების მიღება აღარ ხდება.
მინდიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სივრცის გამოყენება 30-40 კაცზე გათვლილი წვეულებებისთვისაც არის შესაძლებელი, ერთი დღით (16:00-დან 00:00 საათამდე) სივრცის ქირაობა კი 500 ლარის ფარგლებში ჯდება.
“გვაქვს დაბადების დღის ან კორპორაციული წვეულების სივრცეც, მოწყობილია ბუნგალო, განთავსებულია ყავის აპარატები, ბუხარი, მიკროტალღური ღუმელი – სრული კომფორტი იმისთვის, რომ სივრცე აითვისოთ.
ეზოში მოწყობილია სათამაშო სივრცე საქანელებით, მაგიდა და სკამები, სასურათე სივრცე, დასავლეთიდან ჩამოტანილი ბამბუკებითაა შემოღობილი ეზო. გვაქვს დინამიკი და მიკროფონებიც. იდეალური შესაძლებლობაა, რომ სიმწვანეში დაისვენო და გაერთო”, – აღნიშნავს “ტერასა ნამის” დამფუძნებელი.
არჩილ მინდიაშვილის თქმით, “ტერასა ნამის” მოსაწყობად თავდაპირველი ინვესტიცია ₾120 000-ს აღემატებოდა, საიდანაც $28 000 დამფუძნებლის პირადი ინვესტიცია იყო, ₾60 000 კი ბანკის კრედიტი.
მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ, შემოსავლების დასტაბილურებასთან ერთად, ბარის მოწყობაც განიხილება, რომელიც სტუმრებს კოქტეილებსა და სხვადასხვა ტიპის სასმელს შესთავაზებს.

ასევე დაგაინტერესებთ