ვარკეთილის მეტროსადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც წლების წინ დაიწყო, კვლავ ჭიანურდება და საბიუჯეტო ხარჯი საგრძნობლად იზრდება. სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო გახდა დამატებით 1.8 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც ირაკლი კობახიძემ გამარტივებული შესყიდვის წესით უკვე დაამტკიცა.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, თავდაპირველად გათვლილი ბიუჯეტი არ აღმოჩნდა საკმარისი – ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის დასასრულებლად დამატებითი თანხა მოითხოვა.
საერთო ჯამში, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია უკვე აჭარბებს 15 მილიონ ლარს.
განსაკუთრებულ პრობლემად სახელდება დახრილი საესკალატორო გვირაბის კაპიტალური რემონტი, რომელიც, როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, ჯერ კიდევ არასათანადოდ არის დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიები და კორუფციის მონიტორინგის ორგანიზაციები პროექტს არაპროფესიონალურად დაგეგმილად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამის შედეგად სამუშაოები მეშვიდე წელია ვერ სრულდება.
“მთელი ამ ხნის განმავლობაში გვატყუებდნენ, თიტქოს ყველაფერი კარგად იყო და აღმოჩნდა 7 წლის თავზე, რომ თურმე პროექტი არ არის სწორი და პროექტი არის გასასწორებელი. ანუ ეს პროექტი 2017 წელს რომ გადაეგზავნათ სამხარაულში, 2018 წელს მეტრო რეაბილიტაცია დასრულებული იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, 7 წლის განმავლობაში მოსახლეობას ატყუებდნენ. ატყუებდნენ იმიტომ, რომ არ არის გამართული სისტემა, იმიტომ, რომ არის კორუფცია, იმიტომ, რომ ისეთ კომპანიას გაუფორმეს, რომელიც არის მათთან აფილირებული, მათთან დაახლოებული, შემომწირველი და აღმოჩნდა ისე, რომ 7 წლის განმავლობაში ვერ შეასრულეს სამუშაოები. თავიდანვე ვაფრთხლებდით კალაძეს, რომ აღნიშნული სამუშოაების შემსრულებელი კომპანია საქართველოში არ არსებობდა და ეს უნდა გაეკეთებინათ 7 წლით ადრე,” – ამბობს კოალიცია “ცვლილებითვის” წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.
გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი ვახტანგ სურგულაძე.
“2017 წელის მახსოვს, როდესაც პირველად აირჩიეს კახა, ბატონობით ვერ მივმართავ, და რა არისო, როგორ შეიძლება, მეტრო იყოს ასეთ დღეშიო? ერთ წელიწადში ეს გაკეთებული იქნებაო. 2025 წელია. პრაქტიკულად, 8 წელი გავიდა და მეტრო არის იგივე დღეში, იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან რთული კონსტრუქცია. რატომ უნდა დაემატოს თანხა? ნებისმიერი თანხების მომატება ყოველთვის იწვევს ეჭვს. კიდევ ერთხელ ვამ ბობ, მე არ ვარ პროკურორი და გამომძიებელი, მაგრამ პროკურატურაას უნდა დააინტერესოს ასეთი ტიპის საკითხები,” – ამბობს ვახტანგ სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ოფიციალური პოზიციით მეტროსადგური ვარკეთილის რეაბილიტაცია 45 დღეში უნდა დასრულდეს.
tvpirveli.ge
