გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, სკამები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვაჟა სირაძე ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პროტესტის გამოხატვას აქვს თავისი ფორმა და დაუშვებელია ის თავის ჩარჩოებს გასცდეს.
“გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, სკამები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა. მოვუწოდეთ, რომ გაესუფთავებინათ სავალი ნაწილი, მივეცით გონივრული ვადა, შეგიძლიათ მიატრიალოთ თქვენი კამერა და ანახოთ საზოგადოებას, რომ გზის სავალ ნაწილზე არის ხალხი. კამათში აღარ შემოვდივარ თქვენთან. კანონი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვასრულებთ კანონით მონიჭებულ უფლებას. შეგვიძლია წავიკითხოთ კანონი და ვნახოთ, რისი უფლება აქვთ მათ და რისი – არა. პროტესტის გამოხატვის უფლება, რა თქმა უნდა, აქვთ, გამოხატავენ კიდეც, მაგრამ არსებობს ამ პროცესში გარკვეული შეზღუდვები. ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, შეფასებითია, კონკრეტულ მომენტში რა მოქმედებებს განახორციელებს სამართალდამცველი უწყება”, – განუცხადა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.