საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს ექვსი ძიუდოისტით გავიდა ტატამზე.
ტატამზე ასპარეზობდნენ ჯაბა პაპინაშვილი (-60 კგ), თემურ ნოზაძე (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), მაგრამ ქალთა ნაკრების ლიდერის გარდა, ყველა მათგანი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. მედალთან ყველაზე ახლოს იყო ეთერ ლიპარტელიანი, მაგრამ ბრინჯაოს ფინალში ფრანგ ოფელი ველოზისთან ვაზარით დამარცხდა და გრანდ სლემი მეხუთე ადგილზე დაასრულა.
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ის გრანდ სლემზე გამოსვლას მეორე წრიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში იპონით დაამარცხა მასპინძელი რომარიკ ვენდ-იამ ბუდა, შემდეგ ვაზარით მოუგო აზერბაიჯანელ რაშად იელკიევს, მაგრამ ორი ვაზარით დამარცხდა ფრანგ დაიკი ბუბასთან და მესამე ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა.
გამოცდილმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლის შანსი წარმატებით გამოიყენა – ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ მურად ჩოპანოვს შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე იპონით მოუგო.