„ვანო მერაბიშვილი პირდაპირ კრემლის გავლენის აგენტია, ეს მე ვიცი და ამას ვერ ხვდებიან ამერიკის შესაბამის სამსახურებში?“ – რას უყვება „ალიას“ ვახტანგ მაისაია?
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ვფიქრობ, ამერიკამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რამდენიმე არაეფექტური ნაბიჯი გადადგა. აქ მარტო ჯო ბაიდენის 4 წლიან მმართველობაზე არ ვსაუბრობ, თუმცა, ეს 4 წელიც გასათვალისწინაბელია. უკრაინას თავი დავანებოთ, ამერიკამ საქართველოში ვერ მოახერხა ელემენტარული პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია, რომელიც რუსეთის მართულ ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდა ღირსეულად მომავალ არჩევნებში. იყვნენ ქართველი პოლიტიკოსები ვაშინგტონში, იქ გამართეს შეხვედრები, მაგრამ მათი პოლიტიკური რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვთ. 2024 წლის არჩევნებში პროევრაზიული ძალები გაიმარჯვებენ და გაიმყარებენ პოზიციებს.
–რითი ვერ დაეხსნა ამ დისკრედიტირებულ, მართლა დამნაშავეთა პარტიას „ნაცმოძრაობას“ და მის დანაყოფებს ამერიკის ხელისუფლება?
– ამერიკას აქვს რომის იმპერიის სინდრომი. კეზერაშვილისა და მერაბიშვილის დაჯგუფება რომ პრორუსულია, ეს ვერ მოტვინა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამას ვერ ტვინავენ და თქვენ გინდათ, რომ სტრატეგიულ დონეზე გააკეთონ რაიმე? შეხედეთ, რა გააკეთეს. „ქართული ოცნება“ და რამდენიმე პარტია ცალსახად პროევრაზიულია, „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები შეფარული პროევრაზიული პარტიები არიან, ოღონდ პროდასავლულის იმიჯს შეფარულები და ამით გახლიჩეს პროდასავლური ძალები და შექმნეს ცუდი რეალობა–მომავალ პარლამენტში უმრავლესობაც და მთავარი ოპოზიციური ძალებიც პროევრაზიელები იქნებიან. ვინ დარჩა პროდასავლურ ფლანგზე? ნიკა მელია, სალომე ზურაბიშვილი, „გირჩი“, „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, მე მგონი, სულ ეს არის. ამათაც არ აქვთ რესურსი, რომ ამ ძალებს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ, არა მგონია, ამათ „გაქაჩონ“. რა ვიცი, ვანო მერაბიშვილი პირდაპირ კრემლის გავლენის აგენტია, მტკიცებულებები არსებობს, პატრუშევის დაჯგუფებასთან პირდაპირ კავშირშია, ეს მე ვიცი და კიდევ ბევრმა ადამიანმა საქართველოში და ამას ვერ ხვდებიან ამერიკის შესაბამის სამსახურებში? თავად „ნაცმოძრობის“ რამდენიმე ლიდერმაც განაცხდა, რომ მერაბიშვილი ეფესბეს პროექტია. თან, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დასატოვებლად, 2012 წელს ამერიკამ ხელი არ გაატოკა, სააკაშვილს კატეგორიულად უთხრეს, მშვიდობიანად გადააბარე ხელისუფლება და წადიო და ფსონს ისევ მასზე და მის გუნდზე სდებენ. ცოტა არ იყოს და გაუგებარია. 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ პროევრაზიული ძალები და ეს იქნება საქართველოს გეო–პოლიტიკური დამარცხება. რეალობა და სამწუხარო პერსპექტივა ასეთია. კი, მოგვცეს ევროკანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს იმ ფონზე, რაც გაისად შეიძლება მოხდეს, არაფერია. ქვეყანა თუ აზიისკენ წავიდა, ეს სტატუსი არაფერს გვიშველის. კი, ფინანსურ დახმარებას მოგვცემს ევროკავშირი, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მაგრამ იმ ფულსაც სახელისუფლებო პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები ჩაიჯიბავენ, თუ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდა. „ქართული ოცნება“ კი თავის საწინააღმდეგო რეფორმებს არ გაატარებს.
– ამერიკელებს ვერ გამოუვიდათ თუ არ გამოუვიდათ საქართველოში პროდასავლური პოლიტიკური ძალის შექმნა?
– ალბათ, ვერ გამოუვიდათ, უნდოდათ, მაგრამ მასალა ვერ შეარჩიეს სათანადო, რომ გამოსვლოდათ. ისეთ პერსონებსა და პარტიებზე დადეს ფსონი, რომელთაც ხალხი არასდროს მიიღებს. პირველ რიგში, „ნაცმოძრაობა“ და მათი დანაყოფები. არიან ქვეყანაში ადამიანები, იგივე პოლიტპატიმრებში, რომელთა გარშემოც შეიძლებოდა ძლიერი პროდასვლური ცენტრის შექმნა, მაგრამ მათ ნაცვლად გაკოტრებულ და დისკრედიტირებულ ძალებზე გააკეთეს არჩევანი. ეს კი საკმაოდ ძვირი დაუჯდათ მათაც და ამ ქვეყანასაც.
– არასამთავრობო სექტორიც დისკრესდიტირებულია…
– სულ მცირე, არასათანადო დონეზე დგას ჩვენი არასამთავრობო სექტორი, ბევრიც დისკრედიტირებულია, მიბმულები არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. უმძიმეს დღეში არიან ჩვენი ტელევიზიები, პროპაგანდისტული ტელევიზიები არიან. ერთ მხარეს არიან „იმედი“, „პოსტ–ტვ“ და „რუსთავი–2“, მეორე მხარეს „ტვ–პირველი, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“. პრინციპში, „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ პირველ სამეულს, ხელისუფლების მართულ ტელევიზიებს უნდა მივაკუთვნოთ. გიორგი გაბუნიამ აღიარა კიდეც, ჩვენი ტელევიზია „ნაცმოძრაობის“ სამსახურში იყოო და ძველი „რუსთავი–2“ და „მთავარი არხი“ იგულისხმა. სხვაზე პატიოსანი აღმოჩნდა, თქვა სიმართლე, რაც ხელის გულზე იდო, რაც ყველამ ისედაც ვიცოდით. კოლექტიური საბჭოური, ბრეჟნევის და სუსლოვის მედიასივრცეა, საბჭოური „ვრემიაა“. ჩართავ სახელისუფლებო ტელევიზიებს და ყველა ერთს უჩვენებს და ლაპარაკობს, გადართავ ოპოზიციურ არხებზე და იქაც ეგრეა, ოღონდ სააწინააღდეგოს ამბობენ. „ჯორჯიან თაიმსი“, „აჭარა“ და კიდევ რამდენიმე რეგიონული ტელევიზიაა ობიექტური, მაგრამ სატელევიზიო სივრცეში დამკვიდრებულ ამ მახინჯ პროპაგანდას ისინი ვერ სცვლიან, ცოტათი კი ანეიტრალებენ. კი, პრესა ბევრად დამოუკიდებელია ყველა ტელევიზიისგან, მაგრამ ძველებურის მეათედი ძალაც აღარ აქვს და ეს ძალიან სამწუხაროა.
ბოლოს, მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო „ალიას“, მის კოლექტივს, წარმატებებს გისურვებთ და დიდად მადლობელი ვარ „ალიასი“. პირადად თქვენი, რომ 2023 წელს ძალიან ქტიურად და ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ!