ვანდალიზმი, რელიგიური ნაგებობებისა და გრძნობების შეურაცხყოფა სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება – როდის დარეგისტრირდება საკანონმდებლო ინიციატივა

ვანდალიზმი, რელიგიური ნაგებობებისა და გრძნობების შეურაცხყოფა სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება. საკანონმდებლო ინიციატივას მმართველი გუნდი უახლოეს მომავალში დაარეგისტრირებს. ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მმართველი გუნდის წევრმა განმარტა, რომ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი, ინიციატივის დაჩქარების წინაპირობად იქცა. ოხანაშვილის თქმით, ამ დრომდე, მსგავსი ქმედება ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა, რაც რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების რისკებსაც აჩენს.
ვანდალური აქტი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატს უკავშირდება – დღეს, საზოგადოების ნაწილის მღელვარების საფუძველიც გახდა. ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე სტალინიც არის გამოსახული, გუშინ საღებავი შეასხეს – ფაქტის ამსახველი ვიდეო კი, სოციალურ ქსელში აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა. მოქალაქეთა ჯგუფი, დღეს, სწორედ ფერაძის სახლთან შეიკრიბა და მის დასჯას ითხოვდა.
ვანდალიზმის ფაქტის შეფასებისგან, დღეს, საპარლამენტო ოპოზიციაში თავი შეიკავეს. თქვეს მხოლოდ ის, რომ “ოცნების” ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
ოპონენტების მხრიდან მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობაში არც ელოდნენ – დეპუტატებმა კვლავ ოპონენტების ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრეს. კანონმდებლების თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივა რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი სავარაუდო კონფლიქტების პრევენციას ემსახურება და ის სრულად ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდება.
ახალ საკანონმდებლო ნორმას “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დააინიციირებს. კანონის მიღების შემდეგ კი, ქვეყანაში ნებისმიერი კონფესიის რელიგიური ნაგებობისა თუ სიმბოლოს დაზიანება, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა

დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს