მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ ციხიდან წერილი გამოაგზავნა. მისმა კოლეგამ და მეგობარმა, გივიკო ბარათაშვილმა წერილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ შეკრებილ მოქალაქეებს წაუკითხა.
“სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად; ნაცნობებს და უცნობებს; თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გაზირებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული.
ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერ უარყოფითი გადაითარგმნება დადებითში და სიყვარულში. ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით”, – წერს ჭიჭინაძე.
ამ წუთებში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი საპროტესტო მანიფესტს წარადგენს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა განაცხადა, რომ ისინი გავლენ რეგიონებში და საკუთარ გზავნილს მოქალაქეებს პირადად გააცნობენ – “ყველგან მივალთ და ნახავთ, რა შეუძლია თეატრს”.
დოიაშვილმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ 20 იანვრამდე საპატიმროებს არ დატოვებდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები, ისინი პასიური პროტესტიდან“ მოქმედებაზე გადავიდოდნენ.
21 იანვარს მათ გამოაქვეყნეს ვიდეორგოლი, სადაც მოქალაქეებს 23 იანვარს, 19:00 საათზე, ახალი თეატრის შენობასთან შეკრბეისკენ მოუწოდეს. “ეს ქვეყანა ჩემია” – ამ გზავნილის ქვეშ გაერთიანებული მსახიობები რეჟისორები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები მათ მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს საპროტესტო პერფორმანსს წარუდგენენ.
