ვალერი გელაშვილი – გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდი, მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?

გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას მე არ ვიმსახურებდი. ეს არის ჩემი დაუმთავრებელი საქმეები – ს ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს? – ასე მიმართა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და მაგიდაზე ის საჩივრები დაუდო, რომელიც კომისიის სხდომაზე მიიტანა და ეხება მის სადავო საქმეებს.
აღნიშნულის შესახებ გელაშვილმა მაშინ განაცხადა, როდესაც მისი გამოკითხვა კომისიის სხდომაზე უკვე დასრულებული იყო და კომისიის სხდომას ტოვებდა, თუმცა სწორედ გასვლის დროს რამდენიმე სიტყვით განაცხადა, რომ „ამას არ იმსახურებდა“. თავის მხრივ, თეა წულუკიანმა გელაშვილს მიუთითა, დაეკონკრეტებინა, თუ რის შესახებ იყო ეს საჩივრები.
„ეს რა არის? დაბრძანდით, ბატონო ვალერი. ჩვენ ხომ აქ მშვიდობიანად ვსაუბრობდით“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ამის შემდგომ, ვალერი გელაშვილმა განმარტა, თუ რას ეხებოდა იმ საჩივრების შინაარსი, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს უთხრა, რომ „ამას არ იმსახურებდა“. გელაშვილის განმარტებით, ეს არის საჩივრები, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პროკურატურაში შეიტანა, ითხოვს საკუთარი ქონების უკან დაბრუნებას, თუმცა საქმეები დღემდე დასრულებული არ არის.
„[ვგულისხმობ საჩივრებს] გემთმშენებლობის ნაწილში და მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს ჯარიმა არ მეკუთვნოდა“, – განაცხადა გელაშვილმა, რა დროსაც წულუკიანმა ჰკითხა, გაასაჩივრა თუ არა აღნიშნული, რაზეც ვალერი გელაშვილმა ასე უპასუხა: „საკუთარ ხელისუფლებას ვუჩივლო? რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?“
თეა წულუკიანმა კი შეახსენა გელაშვილს, რომ აღნიშნულ საქმეებზე მას ორი ინსტანცია უკვე მოგებული აქვს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვერ მოიგებდა.
„რატომ? სააკაშვილის ჯარიმას თუ გაასაჩივრებდით, ეს ხელისუფლება, რა შუაშია? ამ ხელისუფლებამ ეს ჯარიმა გაგინახევრათ, 2 მილიონი გაპატიათ. ასევე, სასამართლოში პირველი და მეორე ინსტანცია მოგიგიათ და ელოდებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ალბათ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ამ ორ ინსტანციას ვერ მოიგებდით. ჰო, ცოცხლები თუ ვიქნებოდით, ესეც საკითხავია სააკაშვილი რომ აქ ყოფილიყო, ამიტომ, ამისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა, რომ ჩვენ ვართ ცოცხლები“, – განაცხადა წულუკიანმა.
თავის მხრივ, ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უკვე წასული ისტორიაა. წულუკიანი გელაშვილის ამ განცხადებას, ასე გამოეხმაურა:
„წასული ისტორია არ არის. მე არ ვიცი, ეს როგორ ჩანს ვილნიუსიდან, რომელიც დღეს ყველას გვასანქცირებს და სანქციების ქვეშ გვამყოფებს. ჩვენც არ ვიმსახურებდით ამას, თქვენი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოსგან. ეს როგორ ჩანს იქიდან, არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილი წასული არსად არ არის, ის ცდილობს დაბრუნებას. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს.
დანარჩენი გასაგებია. ამ სხდომას პროკურატურა და საქართველოს სასამართლოებიც უსმენენ და იმედი მაქვს, რომ თქვენი სხვა პროცედურებიც დამთავრდება ისეთივე წარმატებით, როგორც, ხაზს ვუსვამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოიძია თქვენზე თავდასხმის საქმე და დაისაჯნენ ის პირები, ვინც იყვნენ დამკვეთები. შესაბამისად, ესეც უნდა აღინიშნოს ხმამაღლა. რომ არა ეს, დღეს ფაქტობრივი გარემოებები დადგენილიც კი არ იქნებოდა. ამიტომ, მადლობა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისთვის და იმ საქმეზე, რომელიც შეტანილი გაქვთ, იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის შედეგი, რომელიც თქვენ მოგწონთ. მადლობა მობრძანებისთვის, ახლა უკვე ნახვამდის! “- უპასუხა თეა წულუკიანმა ვალერი გელაშვილს და მოსასვლელი და მოწვეული პირებისთვის განმარტა, რომ „აქ, კომისია წყვეტს, ვინ, როდის დატოვებს დარბაზს!“