„როგორც საჯარო მოხელე ვალდებული ვარ ერთგული ვიყო საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი, ნანა შავიძე წერს.
მისი თქმით, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს.
„ღრმა ბავშვობიდანვე, მაშინ როცა ბევრი რამ არ გამეგებოდა და ბევრი რამ არ ვიცოდი, მამა ხშირად მიმეორებდა – გახსოვდეს, რუსული ენა შეიძლება დაგჭირდეს და ისწავლო, თუმცა არაფერ რუსულს და არც მაგ ქვეყანას არ უნდა ენდო. იცოდე, რომ მოვა დრო და მიხვდები, რომ რუსეთი არა სანდოა, რუსეთი მტერია. ამ აზრებით ვიზრდებოდი, თუმცა მართალი გითხრათ ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა მაშინ მამა, თან როგორც იცით იმ საბჭოთა საქართველოში დავიბადე რომელშიც რუსეთი გაიდეალებული იყო და მამაც საჯარო მოხელე, თანამდებობის პირს წარმოადგენდა.
ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპაციის შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა. შესაბამისად, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ჩემთვისაც რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირდაპირი საქმიანობა ასე თუ ისე ევროინტეგრაციასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა ძალიან გამიმართლა ისეთ სამსახურში მოღვაწეობა, სადაც მხარდამხარ ვმუშაობ და ვურთიერთობ იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიზნით, რაც იმედი მაქვს და მჯერა გაგრძელდება სანამ არ გავხდებით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.
შესაბამისად, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და მით უმეტეს, როგორც საჯარო მოხელე ვალდებული ვარ ერთგული ვიყო საქართველოს კონსტიტუციის და ამ კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ერთგული ვიყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის.
გვახსოვდეს, სხვა ალტერნატივა ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს!“, – წერს ნანა შავიძე.
შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს “ახალგაზრდა ადვოკატები”.
საზოგადოებას და პროფესიულ ჯგუფებს მობილიზება და ხალხის გვერდით დგომა სთხოვეს მეღვინეებმა. მათი შეფასებით, “საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კონსტიტუციური ფარგლებიდან” და ახლა მხოლოდ ქუჩაში დგომის დროა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა. ქართული ფილმების ჩვენება გააუქმა თბილისის კონოფესტივალმა.
მთავრობას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს შშმ პირთა ქსელი. მათი მოთხოვნაა საქართველო დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, რადგან ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების ესკალაციას პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
