ვაკო თურნავასა და ეროვნული ბანკის განმარტებები VISA-სა და Mastercard-ის საკითხზე

საქართველოს ეროვნული ბანკი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვაკო თურნავა Visa-ს და Mastercard-თან დაკავშირებით განმარტებებს ავრცელებენ.
განმარტებების გავრცელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ განაცხადა, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც Visa-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს.
რა ხდება?
Visa-ს და Mastercard-ის გავლენას შემცირებაზე საუბარი 27 მარტს „ქართული ოცნების“ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე გაიმართა.
აღნიშნულ სხდომაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ეკატერინე გალდავას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვაკო თურნავამ სთხოვა, რომ მოსახლეობისთვის აეხსნა, რატომ არის კარგი ღია ბანკინგი.
ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს. ღია ბანკინგის ტექნოლოგია გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში.
თავის მხრივ ვაკო თურნავა არის საქართველოში ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიის, Keepz-ის დამფუძნებელი.
„სიმართლე გითხრათ, რაც მოვედი [სებ-ში] ერთი წელიწადია ვცდილობ ეს ღია ბანკინგი უფრო კარგად გავიგო და რატომ არ მუშაობს ისე კარგად, როგორც უნდა მუშაობდეს. ხანდახან ვცდილობ ეს დავაბრალო იმას, რომ დეცენტრალიზებულად გაკეთდა და არა ცენტრალიზებულად ანუ არ გაკეთდა ეროვნული ბანკის ეგიდის ქვეშ. ხანდახან ქალბატონ ნათიასთან [თურნავასთან] და საბჭოსთან ერთად გვაქვს ეს მსჯელობები, რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს, რომ ეს ღია ბანკინგი უფრო ცენტრალიზებული იყოს. დღესდღეობით ეს არის საბანკო ასოციაციის ხელში და ცოტა არ იყოს, მხოლოდ რამდენიმე დაწესებულება არის დაერთებული და გარკვეული კრიტერიუმები, არც ისე ადვილი, არის საჭირო, რომ ვიღაც დაერთდეს, რადგან საოპერაციო რისკებია გასათვალისწინებელი, ქვეყნის პროცედურები… ალბათ, თქვენ როცა შესულხართ მობილურ აპლიკაციაში გინახავთ – ხართ თუ არა თანახმა, რომ დაუერთდეთ თუ არა ღია ბანკინგს? – მაგრამ მთელი ის კეთილდღეობა და კარგი რაღაცები, რაც ღია ბანკინგის მხრივ უნდა გაკეთდეს, მე მიმაჩნია, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
ამის შემდეგ ვაკო თურნავამ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტს დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა და თან აღნიშნა, რომ VISA-ს და Mastercard-ს საქართველოდან ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ გატანილი.
„ჩაგეკითხებით, ღია ბანკინგი ნიშნავს, რომ ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე არანაირი სხვა საშუალებით არ გაივლის და პირდაპირ ანგარიშიდან ანგარიშზე მოხდება ანგარიშსწორება. მაგალითად, დღეს ბარათის სისტემებს ვიყენებთ და ხვალ გამოვიყენებთ ანგარიშების სისტემას. ალბათ, მალე იქნება შესაძლებელი, რომ ბარათის ნაცვლად პირდაპირ ანგარიში მივაბათ. მე ახლა ბოლო სტატისტიკას ვუყურებდი და დაახლოებით, VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. კითხვაც ამაშია, გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა და ალბათ, გამოიწვევს, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება“, – იკითხა ვაკო თურნავამ.
პასუხად ეკატერინე გალდავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვებზე Visa-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს.
„ვმუშაობთ Switch national card processor-ის პროეტზე. გარდა ღია ბანკინგისა, ლარში დაფუძნებული ანგარიშსწორებაზე, ლარის გადარიცხვებზე Visa-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს.
ვმუშაობთ ამაზე და ერთი წელი მაინც დასჭირდება ამ Switch-ის გაკეთებას, ეს მარტივი პროექტი არ არის. ვცდილობთ, საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობთ, რომ ჩვენი მენტალობა და მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე, უფრო კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება და არაა აუცილებელი, ჩვენ ყველგან ბარათი გვქონდეს“, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
მას შემდეგ, რაც აღნიშნულ განხილვას გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების ნაწილში გაჩნდა აღქმა, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლოა SWIFT-დან გასათიშად ემზადებოდეს, ვაკო თურნავამ დამატებითი განმარტება გაავრცელა.
SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა, რომელიც 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. მას აფასებენ, როგორც ბელგიის ეროვნულ ბანკს, რომელიც სხვა ძირითად ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობს, მათ შორის, -ის ფედერალური რეზერვების სისტემასთან, ბრიტანეთის ბანკსა და ევროპის ცენტრალურ ბანკთან.
თუმცა SWIFT ტრადიციული გაგების ბანკი არაა, რომელიც ფინანსების ტრანსფერისთვის გამოიყენება. ის დაცული სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან 11 000 ფინანსურ ინსტიტუტს აკავშირებს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. SWIFT ბანკებს აწვდის ინფორმაციას ტრანზაქციის განხორციელებისას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს სისტემა უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს.
მაგალითად, მას შემდეგ, რაც ში შეიჭრა, SWIFT-ის სისტემიდან რუსეთი გათიშეს.
როგორც ვაკო თურნავა 28 მარტს Facebook-ზე დაწერა, ღია ბანკინგის დანერგვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი ვალდებულებაა.
„ღია ბანკინგი Open Banking- ევროკავშირში შემოღებულ იქნა გადახდის მომსახურებების გადახალისებული დირექტივის (PSD2) მეშვეობით. ეს დირექტივა ევროპარლამენტმა მიიღო 2015 წლის ოქტომბერში და მისი მიზანი იყო ინოვაციური ონლაინ და მობილური გადახდების განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა, ბანკებისთვის ლიცენზირებული მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაშვებით ანუ მომხმარებლის თანხმობით. ეს დირექტივა ძალაში შევიდა 2018 წლის 13 იანვარს და სრულად ამოქმედდა 2019 წლის 14 სექტემბერს“, – დაწერა ვაკო თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტება
ეროვნული ბანკის განცხადებით, დეზინფორმაციაა, რომ საქართველოში საგადახდო სისტემების – VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება.
როგორც სებ-ი აცხადებს, მისი ერთ-ერთი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას.
„ამ ფუნქციის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყნის საგადახდო სისტემის განვითარებისთვის, მისი ხელმისაწვდომობის, ეფექტიანობის, უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, ასევე ამ კუთხით კონკურენტული გარემოს შექმნისთვის. კერძოდ, ეროვნული ბანკი თავად ავითარებს საგადახდო ინფრასტრუქტურას, ამზადებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ასევე თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორისაა საერთაშორისო საბარათე სისტემები Visa და Mastercard.
აღნიშნული კომპანიები 25 წელზე მეტია წარმოდგენილები არიან საქართველოში და უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის საგადახდო სფეროს განვითარებაში, რაც საქართველოში უნაღდო გადახდების ზრდის ერთ-ერთ მთავარი ხელშემწყობი იყო. Visa და Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინერგება ახალი პროდუქტები, მათ შორის ტრანს-სასაზღვრო გადარიცხვების საშუალებები“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ, საშუალება მისცა მსოფლიოს წამყვან ტრადიციულ საგადახდო სისტემებს გაეუმჯობესებინათ მათი ეფექტიანობა.
„კერძოდ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა – მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. ეს სისტემები მუშაობენ ბარათების გამოყენების გარეშე და აქვთ შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებელს შესთავაზონ საბარათე გადახდების ანალოგიური გადახდის მეთოდი, გარკვეულ შემთხვევებში მეტი უპირატესობებით, როგორიცაა ოპერაციის განხორციელების ხარჯი და გადარიცხვის მიმღებისთვის თანხის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა.
ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად განავითარებს, ე.წ. „ღია ბანკინგის“ მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატუსით.
უნდა აღინიშნოს, რომ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და „ღია ბანკინგის“ მომსახურების ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სრულად იყო შესრულებული 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. მყისიერი გადახდებისა და ღია ბანკინგის მომსახურებების სინერგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს და კერძო სუბიექტებს თავიანთ მოთხოვნებზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურება მიიღონ.
უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში საბარათე გადახდების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარების მიუხედავად, კვლავ მცირე მეწარმეებისთვის ეს გადახდის მეთოდი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მისი მომსახურების მაღალი საკომისიოს გამო. სწორედ, მყისიერი გადახდების სისტემა ფინტექ კომპანიებთან კოლაბორაციით, გაზრდის ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას იმ სექტორში, რომელიც დღეს ამ მომსახურებას მოკლებულია.
დამატებით უნდა აღინიშნოს, ახალი საგადახდო სისტემა იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და თავსებადია ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის საგადახდო სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია.
განვმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.