ვაკე-საბურთალოსა და გლდანში წყლის მიწოდება გუშინ შეწყდა – რა ვიცით ამ დროისთვის

თითქმის 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ წიწამურთან თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი კვანძი დაზიანდა. ეს მილსადენი თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონებში, ასევე მცხეთაში 100 ათასამდე ოჯახს ამარაგებს წყლით. შესაბამისად, წყლის მიწოდება ავარიულად, გაურკვეველი ვადით შეუწყდათ ამ დასახლებების აბონენტებს.
როგორც წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს. არსებობს მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხეც.
„აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება“, – ეწერა კომპანიის სახელით 16 ივნისს, 22:38 საათზე, გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია ამ ეტაპზე მუშაობს დაზიანებული მილსადენის ალტერნატიული ქსელის მოწყობაზე.
GWP-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის აღუდგება სრულყოფილად წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის ათასობით აბონენტს.
„დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. ეს რამდენიმე დღესთან იქნება დაკავშირებული, არ იქნება ხანგრძლივი პროცესი. მას შემდეგ, რაც დაიწყება უშუალო სამუშაოები, უფრო ნათელი იქნება სურათი, რამდენი დღე იქნება საჭირო“, – უთხრა ჟურნალისტებს GWP-ის აქტივების მართვის სამსახურის უფროსმა გიგა ნადირაძემ.
დამატებით, კომპანიაში განმარტავენ, რომ იმ აბონენტებს, რომლებსაც წყლის მიწოდება ავარიულად შეუწყდათ, ალტერნატიული გზით, დღე-ღამის განმავლობაში სამიდან შვიდ საათამდე დროის ინტერვალით მიაწვდიან წყალს.
წყალმომარაგების დროებითი აღდგენის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებსაიტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ოდიშარია გიორგი მსხილაძეს – გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, თუმცა პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან