საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის დაფინანსებისა და ზოგიერთი პროგრამის შეჩერება დასაქმების ბაზარზეც აისახა და კადრების შემცირება გამოიწვია. სიტუაცია გადამდები აღმოჩნდა ბიზნესისთვის, სადაც კომპანიებისთვის დამატებითი წნეხი პოლიტიკური დაძაბულობაა და ბიზნესგეგმებსა და გრძელვადიან პროექტებს ხშირად ვერ ახორციელებენ. ვეღარ ხერხდება შტატების ზრდა, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებსაც ფინანსური დაფინანსება შეუწყდათ, თანდათან გაკოტრების რეჟიმში გადადიან, რაც დასაქმების ბაზარზე ნეგატიურ ცვლილებას გამოიწვევს.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იურისტმა დავით კესარელმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციების ნაწილი კადრების შემცირების ეტაპზეა გადასული. მისივე შეფასებით, ეკონომიკური და სხვა ფაქტორები გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობასა და დამსაქმებელთა გადახდისუნარიანობაზე.
„ყველა კადრების შემცირების გზებს ეძებს, ამის მიზეზი არ არის მხოლოდ ეკონომიკური. მაგალითად, არასამთავრობო სექტორში, როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით შეჩერებული პროექტების გამო, კადრების შემცირების საჭიროება და წინაპირობა დადგა. ახლა დღის წესრიგშია რეორგანიზაციის განხორციელება და ამ პროცესში დამსაქმებლებთან სწორი კომუნიკაცია და სასამართლო პროცესების თავიდან არიდება. ეს არის ძირითადი პროცესები, რაზეც ბოლო პერიოდია გვიწევს ადვოკატირება.
არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, არამედ საერთაშორისო დონეზე არსებულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ბევრი ორგანიზაცია, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობა, თუ საქართველოში მოქმედი ჯგუფები, საკადრო მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებენ. ეს განპირობებულია როგორც დაფინანსების შეწყვეტით, ასევე სხვა გადაწყვეტილებებითაც. ფაქტი ერთია, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია რეორგანიზაცია და ამ ფორმით კადრების შემცირება“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ დავით კესარელმა.
ერთი შეხედვით, პრობლემა, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება, თუმცა ბიზნეს სექტორში ადასტურებენ, რომ აქაც გარკვეული დაძაბულობაა და კადრების შენარჩუნება არათუ ჭირს, ზოგან უკვე შემცირდა კიდეც. ერთ-ერთი ასეთი მომსახურების სფეროა.
როგორც მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ ,,რეზონანსთან” აღნიშნა, საერთაშორისო დაფინანსების შეწყვეტამ კომპანიებზე უარყოფითად იმოქმედა და არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემამ ბიზნესზეც პირდაპირ თუ ირიბად იმოქმედა.
,,ვისაც ახლა ყველაზე მეტად უჭირს, ის ორგანიზაციებია, რომლებიც ზოგადად აშშ-დან ფინანსდებოდნენ. “იუესაიდმა” 100 000 ადამიანი შეამცირა მსოფლიო მასშტაბით და ეს საქართველოსაც შეეხო. არაერთი იყო ამ ორგანიზაციაში დასაქმებული, იღებდნენ ხელფასებს და ამ ადამიანებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, შრომის ბაზარზე იმოქმედებს. ეს ერთი მხარეა, მეორეც, თუკი საერთაშორისო პროგრამებში ხვდებოდა სექტორული და არასექტორული დაფინანსებები, ეს აღარ იქნება. საერთაშორისო ორგანიზაცია ბიზნეს კომპანიების საქმიანობის დაწყებას ან აღჭურვას აფინანსებდნენ. ამ მიმართულებითაც შეიძლება გარკვეული პრობლემა გაჩნდეს. ციფრებს ვერ დავასახელებ, მაგრამ გავლენა ნამდვილად იქნება“, – განაცხადა ჭელიძემ და დასძინა, რომ სექტორს ბოლო დროს ძალიან გაუჭირდა პოლიტიკური პროცესის გამოც.
,,პრობლემაა, რომ ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმარება უჭირს. კვლევებითაც დასტურდება, რომ კომპანიებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის პოლიტიკური დაძაბულობა. ნამდვილად არის ტენდენცია, რომ კადრების შემცირების გზას ეძებენ. ეს ყველაზე მეტად მაინც ტურიზმზე აისახა, მომსახურების სეგმენტში კადრების კლებაა. გაცვლითი ტურები, საქმიანი ვიზიტები მოგვაკლდა, რაც შემაფერხებელი გარემოებაა.
რაც დღეს ხდება, ჩემია ზრით, უფრო საბოტაჟია. არავის მხარეს არ წარმოვადგენ, მაგრამ ჩემი მოსაზრება მაქვს. ვინც არ უნდა იყო, პოლიტიკოსი იმიტომ ხარ, არ გააკეთო ისეთი რამ, რაც ბიზნესს დააზარალებს და არ ისაუბრო საბოტაჟის ენაზე. ბიზნესს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დღეს თუ სტაბილურადაა, ხვალაც ასე იქნება. თავისი საქმე გააკეთოს და გადასახადები გადაიხადოს, მაგრამ არასტაბილური მდგომარეობა განვითარებისა და გრძელვადიანი დაგეგმარების შესაძლებლობას არ იძლევა“, – დასძინა ჭელიძემ.
კადრებზე მოთხოვნის შემცირებას ადასტურებენ დასაქმების სააგენტოებშიც. “ეიჩ არის” გაყიდვების დირექტორის, ინგა შახბაზიანის თქმით, იკლო გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობამ, რაც განსაკუთრებით ჰორეკა სექტორს შეეხება.
,,კომპანიები ახალ კადრებს ნაკლებად ეძებენ. თუკი 2024 წელს გამოცხადებულ ვაკანსიებში ჯამში 2%-იანი კლება ფიქსირდებოდა, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, 8%-ით შემცირდა ვაკანსიების რაოდენობა. ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორს გაუჭირდა, სასტუმროების და კვების სექტორში გამოცხადებულ ვაკანსიებში წინა წლის მეორე ნახევარში კლებამ 40% შეადგინა. მარტში 15%-იანი ზრდაა, რაც ტურიზმის სფეროს მცირე გამოცოცხლებამ გამოიწვია.
ვაკანსიების კლების პარალელურად, გაზრდილია სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა. 170 ათასი სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იმტებს. აქამდე, საშუალოდ, დღიურად 30-დან 60-მდე რეგისტრანტი გვყავდა ხოლმე, დღეს ეს რიცხვი გაზრდილია და დაახლოებით 20%-იანი მატება გვაქვს. ახალი ადამიანებიც რეგისტრირდებიან და ძველებიც აახლებენ თავიანთ მონაცემებს. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ვთქვათ, თავად სამუშაოს მაძიებელთა ინტერესი გაზრდილია. თავის მხრივ, კომპანიების წარმომადგენლებიც გვეუბნებიან, რომ წინა პერიოდთან შედარებით, იანვარ-თებერვალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ბევრად მეტი “სივი” შეუვიდათ“, – აღნიშნა შახბაზიანმა.
ჯერჯერობით სტატისტიკურად მონაცემები ნორმის ფარგლებშია. 2024 წელს წინა, წელთან შედარებით, უმუშევრობა შემცირდა და 13.9% შეადგინა. მიუხედავად წლიური შემცირებისა, 2024 წლის კვარტალური მონაცემების მიხედვით, წლის ბოლოს უმუშევრობა გაიზარდა და ყველაზე მაღალი პროცენტი დაფიქსირდა. 2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობამ საქართველოში 14.2% შეადგინა. შედარებისთვის, პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 14% იყო, მეორე კვარტალში – 13.7%, ხოლო მესამე კვარტალში – 13.8%. ამასთანავე, მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმუშევარი ადამიანების რიცხვი 8.2 ათასით გაიზარდა.
წყარო: “რეზონანსი”
